ლარის კურსი

ლარი დოლართან 0.77 თეთრით, ხოლო ევროსთან - 2.68 თეთრით გაუფასურდა

კოლაჟი ტაბულა

ლარი დოლართან 0.77 თეთრით, ხოლო ევროსთან - 2.68 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.6766 ლარია, ერთი ევროსი - 3.0701 ლარი.

ეროვნული ვალუტა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც გაუფასურდა. 

ბოლო ერთ კვირაში, ლარი დოლართან დაახლოებით თეთრნახევრით, ხოლო ევროსთან 2 თეთრით გაუფასურდა.

ლარს ორ თვეზე მეტია, გაუფასურების ტენდენცია აქვს. ამ დროის მანძილზე ეროვნულ ბანკს ლარის გასამყარებლად ინტერვენციები არ განუხორციელებია, პირიქით, ნოემბერ-დეკემბერში 80 მილიონი დოლარი შეისყიდა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, შესყიდვებმა შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში "რაიმე გავლენა" იქონიოს ლარის კურსზე, თუმცა, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში გავლენას არ ახდენს. მისი აზრით, "დღევანდელი ეკონომიკისათვის ის რეზერვები, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს, არ არის ადეკვატური, არ იცავს მას პოტენციური რისკებისგან, ამიტომ, საჭიროა ამ რეზერვების დაგროვება".

კომენტარები