განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტრო: დეპუტატების ნაწილი ზუგდიდის მე-6 სკოლის საკითხით მანიპულირებს

პირველი არხი

დღეს, განათლების კომიტეტის სხდომაზე მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მიწვეული არ ყოფილა და შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში იგი მზად არის ყველა კითხვას გასცეს პასუხი - წერია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, დღეს 18:00 საათზე პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტში ჩანიშნული იყო სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიში - მოსმენა, რის შესახებაც პარლამენტის ვებ გვერდზე განთავსებული იყო ინფორმაცია. უწყების ინფომაციით, სამინისტრომ გამოთქვა მზაობა, ანგარიში ჩაებარებინა შესაბამისი კომიტეტისთვის, რისთვისაც შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გამოცხადდა მოსმენაზე ანგარიშის ჩასაბარებლად.

სამინისტროს ცნობით, დეპუტატების ნაწილს არ აინტერესებს საქმესთან დაკავშირებული დეტალები. მათი მხრიდან კვლავ განმეორდა ზუგდიდის მეექვსე სკოლის საკითხის პოლიტიკური ზრახვებისთვის გამოყენება და ამ ტრაგედიით მანიპულირება.

ცნობისთვის, დღეს გამართულ განათლების კომიტეტის სხდომაზე, სადაც ია კერზაიას საქმეზე უნდა ემსჯელათ, მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი არ მივიდა. ამ საკითხს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ოპოზიციის წევრებსა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშს შორის. სხდომას ესწრებოდა ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელიაც.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

კომენტარები