ხელოვნური ინტელექტი

ცნობიერება როგორც ჰალუცინაცია და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები- ინტერვიუ ანილ სეთთან

ანილ სეთი
www.ted.com

ანილ სეთი სასექსის უნივერსიტეტის კოგნიტური და გამოთვლითი ნეირომეცნიერების პროფესორი და საქლერის ცნობიერების მეცნიერების ცენტრის დირექტორია. მას გამოქვეყნებული აქვს ასობით სტატია მეცნიერების მრავალ დარგში, არის კემბრიჯის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი და სასექსის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების, ხელოვნური ინტელექტის და ცოდნაზე დაფუძნებული სისტემების დოქტორი.

ანილ სეთი, ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის ჟურნალის Neuroscience Of Consciousness-ის მთავარი რედაქტორია და ცნობიერების მეცნიერული კვლევის ასოციაციის მეთექვსმეტე კრების თავჯდომარე იყო. ის რეგულარულად წერს მედიებისთვის, როგორებიცაა BBC, The Guardian და New Scientist. 2017 წელს იგი ბრიტანეთის მეცნიერების ასოციაციის პრეზიდენტი გახდა.  

რა არის საქლერის ცნობიერების მეცნიერების ცენტრის მისია?

ჩვენი მიზანია ფარდა ავხადოთ ცნობიერ განცდებზე პასუხისმგებელ ბიოლოგიურ მექანიზმებს, და გამოვიყენოთ ეს ცოდნა ფსიქიატრიული და ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტირების და მკურნალობის ახალი მიდგომების შემუშავებაში. ცენტრის დირექტორები ვართ მე და ფსიქიატრიის თავჯდომარე, პროფესორი ჰუგო ქრიჩლეი.

შეგიძლიათ მოგვიყვეთ კვლევითი ჯგუფების მიერ ჩატარებული რამდენიმე ექსპერიმენტის შესახებ?

ჩვენ ძალიან მულტიდისციპლინური გუნდი ვართ, ვატარებთ ექსპერიმენტებს სხვადასხვა სფეროებში. შემიძლია რამდენიმე მაგალითით წარმოდგენა შეგიქმნა, თუ რას ვაკეთებთ ახლა. ჩვენ უმაღლესი მათემატიკით ვზომავთ ინფორმაციის დინებას, რათა ვნახოთ, თუ რა ხდება ტვინში ფსიქოდელური განცდების დროს. ჩვენ ვიყენებთ ვირტუალურ რეალობას იმის დასადგენად თუ როდის და როგორ აღიქვამს პიროვნება ქმედებას, როგორც "თავიანთ" ქმედებას. ჩვენ ვაერთიანებთ გამოთვლით მოდელებს ნეიროგამოსახვით ტექნოლოგიებთან, რომ გავარკვიოთ, თუ როგორ აღვიქვამთ დროს; და შემდეგ მედიცინაში ჩვენს კოლეგებთან ერთად ვიკვლევთ, თუ რა კავშირშია სხვადასხვაგვარი ფსიქიატრიული აშლილობები იმასთან, თუ როგორ აღიქვამთ სხეულის "შიგნით" იმის მეშვეობით, რასაც ინტეროცეფცია ეწოდება. ეს მხოლოდ მცირე ნაკრებია!

რით განსხვავდება ცნობიერების რეალური პრობლემა ცნობიერების რთული პრობლემისგან?

რთული პრობლემა, მარტივად რომ ვთქვათ, ესაა პრობლემა, თუ საერთოდ როგორ და რატომ ქმნის ნებისმიერი ფიზიკური სისტემა რამე ცნობიერ განცდებს. რეალური პრობლემა, როგორც მე მას ვხედავ, შედარებით უფრო მარტივი პრობლემაა, რომელიც ხსნის ცნობიერი განცდების თვისებებს ტვინის და სხეულის თვისებებით. ჩემი იმედი, და ინტუიცია, არის რომ თუ ჩვენ პროგრესი გვექნება რეალურi პრობლემის გადაჭრაში, შესაძლოა რთული პრობლემა სულ უფრო ნაკლებ და ნაკლებ იდუმალი გახდეს. ცხადია, ამას ყველა არ ეთანხმება. 

რა არის ხელოვნური ნეირონული ქსელები? 

ხელოვნური ნეირონული ქსელები (ხნქ) კომპიუტერული მოდელებია, რომლებიც შედგებიან ბევრი (ზოგჯერ ათასობით) მარტივი ელემენტისგან, რომლებიც განთავსებულია ქსელში. თითოეული ელემენტი ჰგავს ტვინის ძალიან მარტივ უჯრედს (ნეირონი), ვინაიდან იღებს შემტან სიგნალს (Input) სხვა ელემენტებისგან და მისი გამტანი სიგნალი (Output) დამოკიდებული იქნება შემტანი სიგნალების ძალიან მარტივ ფუნქციაზე.

ხელოვნური ნეირონული ქსელების უმეტესობაში ელემენტები განლაგებულია ბევრ შრედ, ერთი შრე შემტანი სიგნალის შრეა, მეორე შრე გამტანი სიგნალის. ხელოვნური ნეირონული ქსელების კვლევის ძირითადი გამოწვევაა, თუ როგორ "ვავარჯიშოთ" კავშირები ელემენტებს შორის ისე, რომ ქსელმა რამე სასარგებლო გააკეთოს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველაზე რთული ხელოვნური ნეირონული ქსელიც კი, რომელიც გვაქვს, გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე ნამდვილი ტვინი. 

როგორ ასწავლის DeepMind-ის AlphaZero საკუთარ თავს თამაშებში დაოსტატებას?

AlphaZero მართლაც აღსანიშნავია. ლონდონური ხელოვნური ინტელექტის ფირმის DeepMind-ის მიერ შემუშავებული AlphaZero განვითარებული ხელოვნური ნეირონული ქსელია, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავი (itself) ჭადრაკის, Go-ს და იაპონური თამაშის, შოჯის თამაშში ავარჯიშოს. ის იყენებს ვარჯიშის მეთოდების და “ძიების” კომბინაციას, რათა გაარკვიოს თუ როგორ ითამაშოს ეს თამაშები. საოცარია ის, რომ AlphaZero-ს არ ჰქონია წვდომა წინა თამაშების მონაცემებთან (მისი წინამორბედის Alphago-სგან განსხვავებით) - მან მხოლოდ თითოეული თამაშის წესები იცოდა.

შეგიძლიათ მოყვეთ AlphaFold-ის მიღწევების შესახებ? 

AlphaFold-ი იყენებს იგივე ძირითად ტექნოლოგიას, რასაც AlphaZero, მაგრამ სხვა პრობლემასთან მიმართებაში - არკვევს თუ როგორ “იკეცება” ცილა სამგანზომილებიან ფორმებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა ბიოლოგიაში, ვინაიდან ცილის ფორმა განსაზღვრავს მის ფუნქციას ორგანიზმში. AlphaFold-იც Deepmind-მა განავითარა - ძალიან ბევრი ჭკვიან ადამიანს ამუშავებენ!

ხსნის თუ არა ინტეგრირებული ინფორმაციის თეორია სუბიექტურ განცდებს, ქვალიებს?

ინტეგრირებული ინფორმაციის თეორია (იით) ცნობიერების ძალიან ამბიციური და ორიგინალური თეორიაა, რომელიც ვისკონსინის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯულიო ტონონიმ განავითარა. ტონონის თანახმად, ინტეგრირებული ინფორმაციის თეორია მართლაც ხსნის სუბიექტური განცდების “ქვალიებს”- წითლის სიწითლე და ასე შემდეგ - ნებისმიერი აღქმის ნედლ გრძნობებს. იით-ში, ქვალიები დამოკიდებულია, თუ როგორ შეუძლია მექანიზმს (ნებისმიერ მექანიზმს) ინფორმაციის ინტეგრირება. ეს საკმაოდ ჩახლართული იდეაა, მაშინ როცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ბოლო სიტყვა იქნება ცნობიერებაზე, მე მას საინტერესოდ მივიჩნევ და საქლერის ცენტრში ჩვენ ვავითარებდით ინტეგრირებული ინფორმაციის მათემატიკურ აპროქსიმაციებს.

შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს იდეაზე, ცნობიერება როგორც კონტროლირებული ჰალუცინაცია?  

ეს ჩემი საყვარელი ფრაზაა, რომელიც პირველად ლონდონში ქრის ფრითისგან გავიგე. მთავარი იდეაა, რომ აღქმა - მაგალითად ჩემს წინ მდგარი მაგიდის აღქმა - მოდის უფრო მეტად "შიგნიდან გარეთ" ვიდრე "გარედან შიგნით". ჩვენი აღქმები ესაა ტვინზე დაფუძნებული საუკეთესო ვარაუდი, თუ რა იწვევს სენსორულ სიგნალს. მე მომწონს ფრაზა კონტროლირებული ჰალუცინაცია, რადგან ის ხაზს უსვამს, რომ აღქმები ტვინის კონსტრუქციებია, (ჰალუცინაციები) რომელიც ყოველთვის ლაგამამოდებულია ან შეზღუდულია სამყაროდან წამოსული სენსორული სიგნალებით (კონტროლი).

შესაძლებელია, რომ ხელოვნური ინტელექტი ერთ დღეს ცნობიერი გახდეს?

ამის შესახებ აგნოსტიკი ვარ. არ მგონია, რომ იმ ტიპის ხელოვნური ინტელექტი, რაც ახლა გვაქვს ცნობიერი გახდება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ მომავლის ხელოვნურ ინტელექტს არ ექნება ეს თვისება. მე ასევე ვფიქრობ, რომ ცნობიერება უფრო კავშირშია ცოცხლად ყოფნასთან ვიდრე ინტელექტთან. ამ საკითხის კარგი სინემატიკური გამოკვლევაა ალექს გარლანდის ფილმი Ex Machina.

რა ძირითადი მიგნებებია ფსიქოდელური განცდების ნეირონულ კორელატებში?

ოჰ, ძალიან ბევრია! ნაწილი აქ ჩავატარეთ, მეტწილად რობინ კარჰარტ-ჰარისთან კოლაბორაციაში (წარსულში ლონდონის იმპერიული კოლეჯი ახლა კი ოქსფორდი). ერთი რამ, რაც აღმოვაჩინეთ, ისაა, რომ ფსიქოდელურ მდგომარეობაში ტვინის აქტივობა უფრო უწესრიგო ან უფრო “შემთხვევითი” ხდება - მიგნება, რომელიც ერთდროულად ბევრმა ჯგუფმა დაადასტურა სხვადასხვა გზით. თუმცა, კიდევ ძალიან ბევრია სასწავლი.

უფრო მეტისთვის, ეწვიეთ ჩემს ვებსაიტს www.anilseth.com და გახდით ჩემი Follower-ი თვითერზე @anilkseth.


ანილ სეთის გამოსვლა TED-ზე

ანილ სეთის რედაქტირებით და თანაავტორობით დაწერილი ბესტსელერები: 30-Second BrainEye Benders: The Science of Seeing & Believing

დოკუმენტური ფილმი მისი მონაწილეობით.

კომენტარები