საქართველო-სომხეთი

ისტორიკოსებმა, სავარაუდოდ, 1918 წლის საქართველო-სომხეთის ომში დაღუპულთა ძმათა საფლაოს მიაგნეს

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი

ისტორიკოსმა დიმიტრი სილაქაძემ და გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრებმა სადახლოში სავარაუდოდ 100 წლის წინ, საქართველო-სომხეთს შორის ომის დროს დაღუპული მებრძოლების ძმათა სასაფლაოს მიაკვლიეს.

თუმცა, აღმოჩენა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა უნდა დაადასტუროს. 

2018 წლის დასაწყისში სილაქაძემ არქივში დოკუმენტი იპოვა, რომელშიც დაახლოებით იყო მითითებული ომის შემდგომ სადახლოში მოწყობილი ძმათა სასაფლაოს ადგილი, სადაც 38 მებრძოლია დამარხული. 

ისტორიკოსი ამბობს, რომ დოკუმენტის მიხედვით მათ შემდეგი ინფორმაცია ჰქონდათ: 

  1. საფლავი მდებარეობს სოფელ სადახლოში, რკინიგზის სადგურიდან 1.5 ვერსის დაშორებით, რკინიგზის მარჯვნივ. 
  2. საფლავი არის მელიქიშვილების მიერ აშენებული ეკლესიის გალავანში, ეკლესიის აღმოსავლეთ კედლიდან ოთხი არშინის დაშორებით. 
     

დღეს, 30 დეკემბერს სილაქაძე მაზნიაშვილის ახალგაზრდული ლეგიონისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის თანამშრომელებთან ერთად სწორედ სადახლოში გაემგზავრა. 

ძებნის შემდეგ გაირკვა, რომ ეკლესია აღარ არსებობს.

"არც ახსოვთ ადგილობრივებს, მაგრამ მესაზღვრეების და ადგილობრივების დახმარებით მივედით ყოფილ ქრისტიანულ სასაფლაოსთან, სადაც ვნახეთ, დიდი ალბათობით, ეკლესიის ნანგრევები, გალავნის ნანგრევები აღარ არსებობს", - ამბობს სილაქაძე

მისივე თქმით, მათ მიაკვლიეს სასაფლაოს და ნანგრევებს, რომელიც რკინიგზის სადგურიდან ზუსტად იმ დაშორებით და მიმართულებითაა, როგორც დოკუმენტშია ნაჩვენები.

"დოკუმენტის მიხედვით საძმო სასაფლაო არის ეკლესიის აღმოსავლეთ კედლიდან 4 არშინში (დაახლოებით 2,8 მეტრი) და ემთხვევა ფოტოს მარჯვენა ნაწილის ბორცვებს. 

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ დიდი ალბათობით, საძმო სასაფლაო ნაპოვნია, თუმცა ეს არქეოლოგიურმა სამუშაოებმა უნდა დაადასტუროს". 

საქართველო-სომხეთს შორის ომი ზუსტად 100 წლის წინ, 1918 წლის დეკემბერში მიმდინარეობდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები