კიმ ჩენ ინი მუნ ჯე ინისთვის გაგზავნილ წერილში იმედოვნებს რომ 2019 წელს სეულს ეწვევა

კიმ ჩენ ინი და მუნ ჯე ინი
Reuters

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჯე ინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მოლაპარაკებების და თანამშრომლობის გაგრძელებას სთხოვს.

მუნ ჯე ინის სპიკერის თქმით წერილში ნათქვამია, რომ კიმ ჩენ ინს ქვეყნებს შორის არსებული საკითხების გადაჭრა და ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციაზე მუშაობა ერთობლივი ძალებით სურს.

ის ასევე წუხს, რომ 2018 წელს სეულის მონახულება ვერ მოახერხა და იმედოვნებს, რომ მუნ ჯე ინის ფხენიანში ვიზიტის შემდეგ 2019 წელს თავადაც ეწვევა სამხრეთ კორეის დედაქალაქს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 27 აპრილს კიმ ჩენ ინი პირველი ჩრდილოეთ კორეელი ლიდერი გახდა, რომელიც 1953 წელს ომის დასრულების შემდეგ სამხრეთ კორეას ეწვია. ის პრეზიდენტ მუნ ჯე ინს დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდა და სრული დენუკლეარიზაციისათვის მუშაობაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი.

18 სექტემბერს მუნ ჯე ინი ჩრდილოეთ კორეას ეწვია. შეხვედრების და მოლაპარაკებების შედეგად ქვეყნებს შორის სასაზღვრო ზონის განაღმვა და ომის დროს დაშორებული ოჯახები შეხვედრის პროცესი დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ კიმ ჩენ ინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სამიტის შემდეგ ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის შეთანხმებას მოაწერა ხელი და რაკეტების გამოსაცდელი რამდენიმე ბაზა დახურა, სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ ქვეყანა ბირთვულ იარაღსა და რაკეტებზე მუშაობას კვლავ აგრძელებს.

კომენტარები