საქართველოს ეროვნული ბანკი

ნაღდი ანგარიშსწორებისას ხურდის დამრგვალების წესი 1 იანვრიდან ამოქმედდა

კოლაჟი ტაბულა

პირველი იანვრიდან საქართველოში ხურდის დამრგვალების მეთოდი ამოქმედდა, თუმცა ახალი წესი მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებისას მოქმედებს. 

ახალი წესის მიხედვით, 1 და 2 თეთრზე დასრულებული გადასახდელი თანხა 0-მდე მრგვალდება, 3 და 4 თეთრზე დასრულებული გადასხდელი თანხა კი 5-მდე, ამასთან, 6 და 7 თეთრზე დასრულებული გადასახდელი თანხა 5-მდე მრგვალდება, ხოლოდ 8 და 9 თეთრზე დასრულებული კი - შესაბამის ათეულამდე. 

"ეს წესი არ გულისხმობს თითოეულ პროდუქტზე და სერვისზე ფასების ცვლილებას და დამრგვალების პრინციპი მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში ვრცელდება, როგორც ერთეული პროდუქტის შეძინა და მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ისე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების საერთო ჯამურ ღირებულებაზე" - წერია საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებაში. 

ამასთან, სებ-ის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის ბოლომდე 1 და 2-თეთრიანი მონეტებს მიმოქცევიდან ამოიღებენ. 2021 წლის პირველი იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში ამ ნომინალის მონეტების გამოცვლა საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში მოხდება, ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან კი მხოლოდ ეროვნული ბანკის მეშვეობით. 

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოსახლეობა ამ მონეტებს პრაქტიკულად არ იყენებს, ხოლო მათი დამზადება და შენახვა მათ მსყიდველობით ღირებულებაზე ძვირი ჯდება. 

1 ცალი 1 თეთრის მონეტის დამზადების ხარჯი შეადგენს - 0.021 ლარს;

2 თეთრის მონეტის - 0.033 ლარს.

სებ-ს საქართველოს ეკონომიკის 1 თეთრიანებით მომარაგება ყოველწლიურად - 260 000 ლარი უჯდება. ხოლო 2 თეთრიანებით მომარაგების ხარჯი კი - 100 000 ლარი. 

"იმის გათვალისწინებით, რომ თანხის დამრგავლების პრინციპი გულისხმობს მის დამრგვალებას მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე, კანონპროექტის მიღება ნაღდი ფორმით ანგარიშსწორებისას გავლენას იქონიებს საქართველოს მოსახლეობაზე და მეწარმე სუბიექტებზე, რომელთაც რიგ შემთხვევებში შეუმცირდებათ ან გაეზრდებათ მისაღები შემოსავალი.

1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტებს გააჩნია დაბალი მსყიდველობითი უნარი, მიმოქცევაში დალექვის მაღალი პროცენტი, დამზადებისა და დამუშავების ტექნიკური სირთულეები. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ბანკს უწევს აღნიშნული ნომინალის მონეტების დამზადებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევა,"- წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ქვეყნების სია, რომლებმაც ყველაზე დაბალი ნომინალის მონეტების ემისია მათი არაპრაქტიკულობიდან გამომდინარე შეწყვიტეს:

  • ახალი ზელანდია
  • ავსტრალია
  • სინგაპური
  • ფინეთი
  • შვეიცარია
  • დანია
  • ჩეხეთი
  • უნგრეთი
  • ისრაელი
  • ჰოლანდია

შესაბამისად, თქვენ ამ ცვლილებით ან წააგებთ, ან მოიგებთ. ისევე 99 თეთრიან წვენს თუ მივუბრუნდებით, თქვენი წაგება 1 თეთრი იქნება. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა 4-თეთრიანი მოგებაც ნახოთ. 

ასევე წაიკითხეთ:რატომ არ წყვეტს აშშ 1-ცენტიანი მონეტების მოჭრას იმის მიუხედავად, რომ თითოეული მონეტის დამზადება 1.5 ცენტი ჯდება

კომენტარები