ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰაში ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ფინალში გამარჯვებას აღნიშნავს
Getty Images

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰაში მიმდინარე ყატარის ღია ჩემპიონატის 1/4-ფინალში გავიდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში რუს ანდრეი რუბლევს ორ სეტში, ანგარიშით 6:3; 6:4 სძლია და მეოთხედფინალის საგზური და 25 სარეიტინგო ქულა მოიპოვა. ბასილაშვილს რუსი ჩოგბურთელის დასამარცხებლად მხოლოდ ერთი საათი დასჭირდა.

1/4-ფინალში ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება. აქამდე ქართველი და სერბი ჩოგბურთელები ერთმანეთს ერთხელ, გასულ სეზონში, რომის მასტერსზე დაუპირისპირდნენ. იტალიის დედაქალაქში შეხვედრა ჯოკოვიჩის გამარჯვებით, ანგარიშით 6:4; 6:2 დასრულდა. ბასილაშვილისა და ჯოკოვიჩის შეხვედრა 3 იანვარს, თბილისის დროით 17:50-ზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდება და მსოფლიოს მეოცე საუკეთესო ჩოგბურთელი გახდება.

კომენტარები