პოლიციელებზე თავდასხმა

შსს: პოლიციელებზე დანით თავდასხმაში ბრალდებული ძებნილი პირი დავაკავეთ

flickr.com

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ძებნილი პირი დააკავა. 

1987 წელს დაბადებული გ.ც. შსს-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, აბაშის რაიონული სამმართველოს და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. 

შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 6 დეკემბერს გვიან ღამით აბაშის რაიონის სოფელ გეზათში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ც.-მ "აგრესია გამოხატა აბაშის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - შალვა მიმინოშვილის და ბაკურ ჭკადუას" მიმართ, რომლებიც უწყებისვე ცნობით, ამ ტერიტორიაზე სამსახურეობრივ შემოვლას აწარმოებდნენ. შსს-ის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, დაეცვა წესრიგი და ორივე მათგანს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

"სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პოლიციელებზე თავდასხმისთვის ძებნილი გ.ც. წალკის რაიონის სოფელ ტბეთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებდა ამოიღო,"- წერს შსს. 

სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს და 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

კომენტარები