პედიატრია

ეკრანის ყურება არაა თავისთავად მავნე ბავშვის ჯანმრთელობისთვის

0 კომენტარი

ბრიტანეთის პედიატრიის და ბავშვთა ჯანმრთელობის სამეფო კოლეჯმა გამოაქვეყნა მიმოხილვა, რომლის თანახმად, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც გვაფიქრებინებდა, რომ ეკრანთან დროის გატარებას, თავისთავად მავნე გავლენა აქვს ბავშვის ჯანმრთელობაზე. მონაცემების უმეტესობა ტელევიზორის ეკრანთან გატარებულ დროს შეეხებოდა, თუმცა, კვლევა მოიცავდა კომპიუტერებსაც და ტელეფონებსაც. 

მიმოხილვაში არაა ნახსენები ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვები. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ხელსაწყოებმა არ ჩაანაცვლოს ძილი, ვარჯიში და ოჯახთან გატარებული დრო. ექსპერტების რეკომენდაციაა, უარი ვთქვათ ეკრანთან კონტაქტზე დაძინებამდე ერთი საათით ადრე. 

მტკიცებულებების მიმოხილვამ ასევე გამოავლინა კავშირი ეკრანთან გატარებულ დიდ დროსა და ჭარბწონიანობას და დეპრესიას შორის. თუმცა სამეფო კოლეჯის პედიატრების თქმით, არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება, რომ ამ პრობლემებს ეკრანი იწვევს. შესაძლებელია, რომ ამ პრობლემების მქონე ადამიანები უფრო მეტად იყვნენ მიდრეკილები ეკრანთან მეტი დროის გატარებისკენ. 

სამეფო კოლეჯმა არ დააწესა შეზღუდვები დროზე, თუმცა, შეიმუშავა კითხვები, რომლებიც დაეხმარება ოჯახებს გადაწყვეტილებების მიღებაში: 

თქვენ ოჯახში ეკრანთან გატარებული დრო კონტროლის ქვეშაა? 

აყენებს თუ არა ზიანს ეკრანის ყურება თქვენი ოჯახის საქმიანობას? 

აქვს თუ არა გავლენა ეკრანის გამოყენებას თქვენს ძილზე? 

აკონტროლებთ თუ არა საკვების მიღებას ეკრანის ყურებისას? 

კოლეჯის თანამშრომლის, მაქს დეივის თქმით, კომპიუტერები და ტაბლეტები სამყაროს გამოკვლევის შესანიშნავი მეთოდია, მაგრამ მშობლებს ხშირად აფიქრებინებენ, რომ მათ უკიდურესად ცუდი გავლენა აქვთ.

"ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ ეს ასე არაა, თუ თქვენ ამ კითხვებს ისე უპასუხეთ, რომ კმაყოფილი ხართ საკუთარი თავით, გააგრძელეთ ცხოვრება და ნუ ღელავთ."- ამბობს ის. 

რეკომენდაციის ერთადერთი შეზღუდვა, რომ ბავშვებმა დაძინებამდე ერთი საათით ადრე არ გამოიყენონ ელექტრონული ხელსაწყოები, მოდის მტკიცებულებიდან, რომ ზოგჯერ მათ ძილის დაზიანება შეუძლიათ. ხელსაწყოები აღიზიანებენ ტვინს, და მათ მიერ გამოსხივებული ცისფერ სინათლეს ძილის ჰორმონის, მელატონინის გამოყოფის დარღვევა შეუძლია. ბევრ ხელსაწყოს აქვს "ღამის რეჟიმი", თუმცა მათი ეფექტურობის მტკიცებულება არ არსებობს. 

საერთო ჯამში, ეკრანის გავლენა ბავშვის ჯანმრთელობაზე ძალიან მცირეა ისეთ ფაქტორებთან შედარებით, როგორებიცაა ძილი, ფიზიკური აქტივობა, კვება, ბულინგი და სიღარიბე.  რეკომენდაციის თანახმად, ოჯახებმა ეკრანებთან გატარებული დროის შეზღუდვები უნდა დააწესონ ცალკეული ბავშვის მოთხოვნილებების შესაბამისად და გაითვალისწინონ მისი გავლენა ძილზე, ფიზიკურ და სოციალურ აქტივობებზე. 

რჩევები მშობლებისთვის: 

კვების დრო საუკეთესო მომენტია ეკრანისგან თავისუფალი კომუნიკაციისთვის. 

თუ ბავშვის ეკრანთან გატარებული დრო უკონტროლოდ გეჩვენებად, ჩაერიეთ.

მშობლებმა უნდა იფიქრონ იმ დროზე, რომელსაც თავად ატარებენ ეკრანებთან. აკონტროლონ, ზედმეტად ხშირად ხომ არ იყენებენ ხელსაწყოებს. 

ბავშვებს სჭირდებათ პირისპირ სოციალური კომუნიკაცია, ეკრანი ამას ვერ ჩაანაცვლებს. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები