ე.წ ციანიდის საქმე

მეუფე ზენონი: დეკანოზ მამალაძის შეწყალება ხელს შეუწყობს​ მშვიდობის განმტკიცებას

დმანისისა და ლორე-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი ე.წ ციანიდის საქმეს და დეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობას ეხმაურება. 

მეუფე ზენონი ამბობს, რომ ის არ იცნობს გიორგი მამალაძეს და არც მის უდანაშაულობას ამტკიცებს, თუმცა, მიუხედავად იმისა, დამნაშავეა თუ არა დეკანოზი, სირცხვილია. ვინაიდან ბევრი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია. 

"ადრე განვაცხადე და კვლავ მინდა გავიმეორო: არ ვიცნობ დეკანოზ გიორგი მამალაძეს. არც ის ვიცი, რამდენად დამნაშავეა ან უდანაშაულო. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ საპყრობილეში მისი ყოფნა, მით უმეტეს "მკვლელობის მცდელობის" ბრალდებით, დამნაშავეა თუ უდანაშაულო, ჩვენი სირცხვილია მთლიანობაში. მით უმეტეს, რადგან არ იქნა გამორკვეული, ვისი და რისი მომავლისთვის “იღვწოდა" ბრალდებული. ან კიდევ, ვინ იდგა თუ იდგნენ მის უკან. და თუ ეს ცნობილია, მაშინ შერჩევით სამართალს ჰქონია ადგილი. ამიტომ, რადგან არ იქნა ნება გამოხატული, რომ კითხვის ნიშნები გაქარწყლებულიყო, ჩემი სინდისის ხმით ვაცხადებ: ვფიქრობ, დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალება, ეკლესიაში და ზოგადად საზოგადოებაში, ხელს შეუწყობს ღვთივსულიერი მშვიდობის განმტკიცებას. ნუგეშინისმცემელი წმიდა სული ამბობს: თუ სიკეთეს სჩადიხარ, ხომ დაგიფასდება? ხოლო თუ სიკეთეს არ სჩადიხარ, მაშინ კარებთან დაგელოდება შენი ცოდვა. /დაბ. 4,7/ ამიტომ, ვინც სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს, ეს ცოდვად ეთვლება მას. /იაკ. 4,17/

და რადგან ცოცხალი ღმერთის მიერ თქმულია: "მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ", მოგვეთხოვება, რომ შემრიგებელი და მიმტევებელი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. მით უმეტეს, პრეცედენტმა საზოგადოების პოლარიზება მოახდინა და მრავალი დააბრკოლა. რადგან ქრისტეა შემრიგებელი მასწავლებელი და მოძღვარი, რომელმაც ღმერთთან შეარიგა ადამიანი, მოგვეთხოვება, არ გვიძნელდებოდეს ერთმანეთთან მშვიდობისა და შენდობის ამბორი. ამ გზით მესახება ნაიარევთა ეფექტური კურნება. თავს ვერ დავაღწევთ იმას, რომ ე. წ "საქმე თანამედროვე ეკლესიის წევრთათვის, ქვეყნისთვის წარმოადგენს შავ ლაქას.

მრავალს გაუჩნდა უსამართლობისა და უნდობლობის განცდა. ზოგს ბრალდებულის უდანაშაულობის სჯერა. ზოგს მის დანაშაულში ეჭვი არ ეპარება, ოღონდ წარმოდგენილი "შესაძლო მსხვერპლის" ვერსია მისთვის არადამჯერებელია. ჩვენთვის დამახასიათებელი უკიდურესობის გარემოებით ზოგიერთისთვის დეკანოზი გიორგი მამალაძე "სიმართლისათვის დევნილია" და ზოგიერთისათვის "ცოდვილთა შორის ცოდვილი". რა მოიტანა ამ ყოველივემ: ლანძღვა-გინება, განკითხვა, სიძულვილის და გაუცხოების ტენდენცია. ამბავი გასცდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს და ალაპარაკდნენ სხვაგან. ზოგჯერ ვირჩევთ უმცირესს და ვკარგავთ უმთავრესს.

ვფიქრობ, ე.წ "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებული ყოველი სუბიექტი, აგრეთვე ყოველი ჩვენგანი გავაანალიზებთ თავსდატეხილ განსაცდელს, რადგან მეტ-ნაკლებად პასუხისმგებელი ვართ ყველა ერთად და ავირჩევთ უმჯობესს, რომ სუფთა სინდისით ვიმსახუროთ სასულიერომაც და საერომაც. ზოგადად, დიდი წინაღობა და მუხრუჭი არის ქვეყნისა და საზოგადოების წინსვლისათვის შერჩევითი სამართალი, ხანგრძლივ დროში ესოდენ მახასიათებელი ქართული ყოფისათვის. აქვე დავსძენ, რომ არ არსებობს განსაცდელი რომელშიც არ იძებნება გამოსავალი: სადაც ცოდვამ იმრავლა, უფრო გაუხვდა მადლი, რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილით, ასევე მადლს ემეფა სიმართლის მეოხებით საუკუნო სიცოცხლისათვის ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ. /რომ. ეპ.5, 21/

ნუ მოვკლავთ ერთმანეთს სულიერად!

ნუ ავირჩევთ ურთიერთ გულგრილობის და ზედაპირულობის გზას!

მხოლოდ მტყუან-მართალის გამორკვევა არ არის სრულყოფილი სამართლიანობის მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ იგი წესრიგისა და წესიერების მისაღწევად აუცილებელი პირობაა.

წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, -აი უზენაესი სამართალი ღმერთისა!

აი, საზომი კაცთმოყვარეობისა და ჰუმანიზმისა!", - წერს მთავარეპისკოპოსი. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

ერთი წლის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. 

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა, ვინაიდან შეწყალების კომისიამ შესაბამისი რეკომენდაცია არ გასცა. ამის გამო მარგველაშვილს ჭყონდიდის ეპისკოპოსმა პეტრემ უპრინციპო და უსინდისო ადამიანი უწოდა. 

კომენტარები