გრიპის ვირუსი

NCDC-ის დირექტორი: გრიპი სახუმარო დაავადება არ არის, ბევრი დაგვიანებული მიმართვა გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინარე კვირის განმავლობაში, გრიპის გავრცელების მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით არ გაზრდილა. 

"ეს განპირობებულია ბავშვთა არდადეგებით და უქმეებით. თუმცა, სამწუხაროდ, სტაციონარებში რჩებიან მძიმე ავადმყოფები, რადგან ეს ვირუსი ხასიათდება უფრო მეტი აგრესიულობით, ვიდრე შარშანდელი, ამიტომ მეტი გვაქვს გართულებული შემთხვევები და მეტი გვაქვს დაგვიანებული მიმართვა, რაც იწვევს შემდგომ გართულებებს" - ამბობს გამყრელიძე TV პირველის ეთერში.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, დაავადების სიმპტომების გაჩენის პირველივე დღეს მიმართონ ექიმს.

"გრიპი სახუმარო დაავადება არ გახლავთ, საჭიროა მისი სიმპტომების (ხველა, მაღალი სიცხე, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, საერთო მტვრევა ტანში, მოთენთილობა, გულისრევა და ღებინება) გაჩენის პირველივე საათებში მივმართოთ ექიმს. დაუშვებელია თვითმკურნალობა, რადგან გრიპი შეიძლება გართულდეს, განსაკუთრებით, მოწყვლად და მაღალი რისკის მქონე მოსახლეობაში - ბავშვები, მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, განსაკუთრებით უნდა გაფრთხილდნენ ორსულები" - თქვა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ანტივირუსული პრეპარატი ტამიფლუ, რომელსაც მოწყვლად ჯგუფებს ჯანდაცვის სამინისტრო უფასოდ აძლევს, საუკეთესო შედეგს იძლევა.

"ტამიფლუ და რელენზა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით გახლავთ ყველაზე უფრო მაღალ მტკიცებულებაზე დაფუძნებული ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც საუკეთესო შედეგს იძლევა. ის ითვლება ყველაზე უფრო ეფექტურ პრეპარატად, განსაკუთრებით კარგი შედეგია პირველი 48 საათის განმავლობაში" - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი.

ამ დროისთვის, გრიპის ვირუსით საქართველოში 9 ადამიანი გარდაიცვალა. რამდენიმე ათეული პაციენტი მკურნალობს, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

წაიკითხეთ ჩვენებები, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს.

ასევე ნახეთ სააფთიაქო ქსელები, სადაც ექიმის მიერ დანიშნული ანტივირუსული პრეპარატის ტამიფლუს შეძენას შეძლებთ.

კომენტარები