დაგროვებითი პენსია

დაგროვებით პენსიას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ

0 კომენტარი

დაგროვებითი პენსია არაკონსტიტუციურია - მიიჩნევს მოქალაქე ედუარდ მარიკაშვილი და "საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივასთან" ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. მარიკაშვილი, რომელიც GDI-ის იურისტია, ორგანიზაციასთან ერთად ასაჩივრებს საქართველოს კანონს დაგროვებითი პენსიის შესახებ. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ის არაკონსტიტუციურია და არღვევს როგორც დასაქმებულის, ისე დამსაქმებლის საკუთრების უფლებას.

ედუარდ მარიკაშვილი და "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" საკონსტიტუციო სასამართლოს ხვალ, 8 იანვარს მიმართავენ და გადაწყვეტილების მიღებამდე კანონის შეჩერებასაც ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ შესაძლოა მან სისტემაში ჩართულ ადამიანებს დიდი ზიანი მიაყენოს.

"ზოგადად, ეს რეფორმა იმ მიზნებს ვერ აღწევს, რისთვისაც ქმნიან. სისტემა შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანებმა შექმნან დანაზოგი. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო არ არის უფლებამოსილი ჩვენ ნაცვლად გადაწყვიტოს როგორ იქნება უკეთესი ჩვენი ქონების განკარგვა. ადამიანებს აქვთ ნების ავტონომია, რომ თვითონ განკარგონ თავიანთი ქონება, სახელმწიფო ამაში არ უნდა ერეოდეს. გარდა ამისა, კონსტიტუცია არ ითვალისწინებს საკუთრების შეზღუდვას პირადი კეთილდღეობისთვის. კონსტიტუციაში საკუთრების შეზღუდვის ერთადერთი საფუძველი არის საჯარო სიკეთე. როცა გვეუბნებიან, რომ თქვენი გულისთვის თქვენვე გიზღუდავთ უფლებებს, ეს ცალსახად არაკონსტიტუციურია", - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი ტაბულასთან.

მისივე თქმით, დაგროვებითი პენსიის ამოქმედების არგუმენტად სახელმწიფო კაპიტალის ბაზრის განვითარებასაც ასახელებს, რაც მის უფლებამოსილებებში არ ჯდება. გარდა ამისა, ედუარდ მარიკაშვილი პრობლემად მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების მიერ დაგროვილი ფულის სესხებასაც.

"რეფორმის ერთ-ერთ მიზნად სახელდება კაპიტალის ბაზრის განვითარება დაგროვილი ფულით. ეს დაახლოებით იგივეა, რომ სახელმწიფომ ბიზნესი აწარმოოს ჩვენი, მოქალაქეების ხარჯით. მიგვაჩნია, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარება სახელწიფოს უფლებამოსილებებში არ ჯდება, კაპიტალის ბაზარი უნდა განავითაროს თვითონ ბაზარმა და ეკონომიკამ. სახელმწიფოს აქვს უფლება ხელი შეუწყოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მაგრამ არა ჩვენ ხარჯზე. გარდა ამისა, ფული, რომელიც დაგროვდება, შეიძლება სახელმწიფომ საპენსიო ფონდიდან გარკვეული პროექტების განსახორციელებლად ისესხოს. შემდეგ ეს თანხა უნდა დააბრუნოს პროცენტით ბიუჯეტიდან. ანუ გამოდის, რომ ჩვენ გვართმევენ და შემდეგ ჩვენვე უნდა გადავიხადოთ ამ თანხის პროცენტი", - ამბობს ის.

რაც შეეხება დამსაქმებლებს, მოსარჩელეები კანონის ამ ნაწილსაც ასაჩივრებენ. მათ მიაჩნიათ, რომ დამსაქმებლისთვის დასაქმებულის ხელფასის 2%-ის გადახდის იძულება ახალი გადასახადის დაწესებაა.

"თუ დასაქმებულის შემთხვევაში მოქალაქე თანხას თავისთვის აგროვებს, დამსაქმებელს აიძულებენ, რომ სხვას გადაუხადოს, მას არ დაუბრუნდება არაფერი. ამას იგივე დატვირთვა აქვს, რაც გადასახადს. მართალია, კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაწერეს, რომ საპენსიო შენატანი გადასახადი არ არის და შესაბამისად, ფორმალურად ეს გადასახადის ზრდა არ არის, მაგრამ შინაარსობრივად არის. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ სახელმწიფო გაიძულებს გადაიხადო რამე, გადასახადის გარდა, იჭრება შენს საკუთრებაში. თუ იტყვიან რომ გადასახადი არ არის, დაასაბუთონ რის საფუძველზე ზღუდავენ საკუთრებას. დამსაქმებლის შემთხვევაში შეზღუდვა კი არ არის, საკუთრების ჩამორთმევაა და ამას თავისი დასაბუთება სჭირდება, რომელსაც საპენსიო ფონდის მიზნები ვერ პასუხობს", - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი ტაბულასთან.

მოსარჩელეებს სადავოდ მიაჩნიათ სახელმწიფოს მიერ გადასახდელის 2%-ის ნაწილიც. მათი აზრით, ის, რომ ეს თანხა ირიცხება მოქალაქის ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით და სახელმწიფო არ ითვალისწინებს მათ ქონებრივ მდგომარეობას პენსიაზე გასვლის მომენტისთვის, დისკრიმინაციულია.

"თანასწორი ნეიტრალური რეგულირებით სახელმწიფო თანასწორად ეპყრობა არსებითად უთანასწორო პირებს და ეს მოპყრობა არის დისკრიმინაციული ქონებრივი მდგომარეობის ნიშნით", - აღნიშნულია სარჩელში.

მოსარჩელეები საკონსტიტუციო სარჩელში დაგროვებითი კანონის მე-3 მუხლს ასაჩივრებენ და მიიჩნევენ, რომ ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და მე-11 მუხლებს (საკუთრების უფლება და თანასწორობის უფლება).

რა არის დაგროვებითი პენსია?

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. ამავე კანონის საფუძველზე სპეციალური საპენსიო სააგენტოც შეიქმნა, რომელიც დასაქმებულისა და დამსაქმებლის მიერ გამომუშავებულ თანხას გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და ამ თანხას დასაქმებულს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ უკან დაუბრუნებს.

საპენსიო სქემაში ერთვება ყველა მოქალაქე, რომელიც ანაზღაურებას საკონტრაქტო ურთიერთობის შედეგად იღებს. იმ პირებისთვის, ვინც 2018 წლის 1 აგვისტომდე გახდა 40 წლის, სისტემაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, ხოლო 40 წელს მიუღწეველი დასაქმებულები ვალდებულები არიან კანონის ამოქმედებისთანავე ჩაერთონ დაგროვებით საპენსიო სისტემაში. საპენსიო სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისთვის.

დაგროვებით პენსიაში მონაწილე მოქალაქეს ხელფასიდან ეჭრება მთლიანი ანაზღაურების 2%, 2%-ის გადახდის ვალდებულება აქვს მის დამსაქმებელსაც, ხოლო 2%-ს იხდის სახელმწიფო. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საპენსიო სისტემის მონაწილეს ბიუჯეტიდან 2%-ს ურიცხავს იმ შემთხვევაში, თუ მისი მთლიანი დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა 24.000 ლარზე მეტი არ არის. თუ დასაქმებულის წლიური ჯამური ხელფასი 24.000 ლარზე მეტი და 60.000 ლარზე ნაკლებია, მას ბიუჯეტიდან 1% ერიცხება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წლიური ანაზღაურება 60.000 ლარზე მეტია, სახელმწიფო საპენსიო სისტემის მონაწილეს თანხას არ ურიცხავს.

კანონის მიხედვით, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, დაგროვებითი პენსიის სისტემის მონაწილეს საპენსიო ანგარიში უნარჩუნდება. მუშაობის ხელახლა დაწყების შემდეგ, პირველი ხელფასის ჩარიცხვისთანავე, მას შეუძლია ანგარიშზე ფულის შეტანა დაიწყოს. იმ პერიოდში, როდესაც პირი დასაქმებული არ არის, სახელმწიფო შენატანს არ აკეთებს.

გარდა ამისა, პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მის მიერ დაზოგილი თანხა მის მემკვიდრეს გადაეცემა. კანონი ასევე იძლევა შესაძლებლობას დაზოგილი თანხა მონაწილემ ნაადრევად მიიღოს თუ იგი შშმ პირი გახდება. დაზოგილი თანხის ნაადრევად მიღების უფლება ასევე ეძლევა მონაწილეს, თუ იგი საქართველოს სამუდამოდ დატოვებას გადაწყვეტს.

საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ფორმულა, რომლითაც შესაძლებელია ხელფასის, ასაკის და სქესის მითითებით მომავალი დაგროვილი პენსიის დაახლოებითი ოდენობის გაგება.

ამავე თემაზე, წაიკითხეთ ტაბულას სტატია არქივიდან: საპენსიო რეფორმა - სქემა, რომლითაც მთავრობას თქვენი ფულის მითვისება შეეძლება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები