ფრენკ რიბერი

FC Bayern-მა რიბერი მოოქროვილი სტეიკის გარშემო ატეხილი სკანდალისას უცენზურობის გამო დააჯარიმა

Twitter

საფეხბურთო კლუბმა მიუნხენის ბაიერნმა ფრანგი ფეხბურთელი ფრენკ რიბერი უცენზურობის გამო დააჯარიმა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ რიბერი დუბაიში შვებულებისას ცნობილი თურქი მზარეულის, ინტერნეტ მიმებიდან ცნობილი Salt Bae-ს რესტორანს ესტუმრა და ოქროს თხელი ფურცლებით გაწყობილი სტეიკი მიირთვა, რომელის ფასი ათას აშშ დოლარს აღემატება.

კერძის ამსახველი ვიდეო ფეხბურთელმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნა, რასაც კრიტიკა მოჰყვა. ის საკუთარი სიმდიდრის ხაზგასმის და ამის საჯაროდ აფიშირებისათვის გააკრიტიკეს.

35 წლის ფეხბურთელი კრიტიკამ გააბრაზა და საკუთარ ტვიტერზე საკმაოდ უცენზურო პასუხი გამოაქვეყნა:

"დავიწყოთ შურიანი, ბოღმა და გახეული პრეზერვატივის გამო დაბადებული ადამიანებით. შ*****ი თქვენს დედებს, ბებიებს და საგვარეულო ხესაც. თქვენი არაფერი მმართებს." დაწერა მან.

რიბერიმ ჟურნალისტებიც გააკრიტიკა. მისი თქმით ისინი არასოდეს აშუქებენ მის ქველმოქმედებას და მხოლოდ მსგავს, უმნიშვნელო ამბებზე კონცენტრირდებიან.

კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ რიბერი ძვირადღირებულ სტეიკზე სარეკლამო კამპანიის ფარგლებში მიიწვიეს, რასაც მასზე და მის ოჯახზე სოციალურ მედიაში სასტიკი თავდახმა მოჰყვა და ფეხბურთელი საკუთარი და ოჯახის ღირსების დაცვას ცდილობდა, თუმცა მსგავსი პასუხი მათთვის მიუღებელია. კლუბში ფეხბურთელისათვის უცენზურობის გამო დაწესებული ჯარიმის რაოდენობას არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ მსგავსი ლექსიკა იმ ადამიანისაგან, რომელიც მისაბაძი უნდა იყოს, დაუშვებელია.

კომენტარები