ჩოგბურთი

როჯერ ფედერერმა CNN-თან გარდაცვლილ მწვრთნელზე საუბრისას იტირა [video]

ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონატის დაწყებამდე CNN-თან ინტერვიუ ჩაწერა.

მან ყოფილ მწვრთნელზე, ავსტრალიელ პიტერ კარტერზე ისაუბრა, რომელიც 2002 წელს სამხრეთ აფრიკაში თაფლობის თვის გატარებისას ავტოავარიაში დაიღუპა. ის მაშინ 37 წლის იყო.

ფედერერმა პირველი დიდი სლემის ტურნირი კარტერის გარდაცვალების შემდეგ მოიგო. მას ამჟამად დიდი სლემის 20 ტიტული აქვს მოგებული. შვეიცარიელ ჩოგბურთელს 37 წელი 8 აგვისტოს შეუსრულდა. როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, მისი აზრით რას იფიქრებდა კარტერი რომ ენახა რამხელა წარმატებას მიაღწია მისმა მოწაფემ, ფედერერმა ცრემლები ვერ შეიკავა:

"ბოდიშს გიხდით. ის ისევ ძალიან მენატრება. იმედი მაქვს, რომ ამაყი იქნებოდა." თქვა მან.

ფედერერმა მწვრთნელის დაკარგვა მძიმედ განიცადა.

"მას არ სურდა, რომ დაკარგული ტალანტი ვყოფილიყავი. მისმა გარდაცვალებამ გამომაფხიზლა და ნამდვილად ინტენსიური ვარჯიში დავიწყე. პიტერი ჩემს ცხოვრებაში მართლაც მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, რადგან ვფიქრობ, რომ თუ შემიძლია ვინმეს მადლობა გადავუხადო ჩემი ტექნიკისათვის, ეს სწორედ პიტერია." თქვა მან CNN-თან.

2005 წელს ფედერერმა კარტეის მშობლები მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობაზე მიიწვია და მათი ყველა ხარჯი დაფარა. ფედერერმა ცრემლები ვერც 2003 წელს შეიკავა, როდესაც უიმბლდონზე გაიმარჯვება კატრერს მიუძღვნა.

კომენტარები