აშშ

ტრამპი: კიდევ რამდენი ამერიკელის სისხლი უნდა დაიღვაროს, რომ კონგრესმა თავისი საქმე გააკეთოს?

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: Getty

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ოვალური ოფისიდან 2019 წლის პირველი სატელევიზიო მიმართვა ჩაწერა.

მან მთავრობის დახურვაზე და მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობაზე ისაუბრა. ტრამპს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა არ გამოუცხადებია.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით სამხრეთის საზღვარზე არსებული მდგომარეობა ჰუმანიტარული კრიზისია და აშშ-ში გაყიდული ჰეროინის 90% მექსიკიდან შემოდის. მისივე თქმით კედლის მშენებლობის ხარჯები ახალი სავაჭრო შეთანხმებიდან დაიფარება, რომელიც მან გასულ წელს კანადასთან და მექსიკასთან გააფორმა, თუმცა ძალაში ჯერ არ შესულა.

"ეს ჰუმანიტარული კრიზისია - გულის და სულის კრიზისი... დემოკრატების მოთხოვნით ეს იქნება ფოლადის ბარიერი და არა ბეტონის კედელი. ეს ბარიერი სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი საზღვრის უსაფრთხოებისათვის... სასაზღვრო კედელი მალევე დაფარავს საკუთარ ხარჯებს. არალეგალური ნარკოტიკის ხარჯი წელიწადში 500 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც ბევრად აღემატება 5.7 მილიარდს, რომელიც კონგრესისგან მოვითხოვეთ. კედელი არაპირდაპირი გზით იმ ახალი შესანიშნავი სავაჭრო შეთანხმებიდან დაფინანსდება, რომელიც მექსიკასთან გავაფორმეთ... ფედერალური მთავრობა მხოლოდ ერთი მიზეზითაა დახურული: დემოკრატები არ აფინანსებენ სასაზღვრო უსაფრთხოებას... სიტუაცია 45-წუთიანი შეხვედრით შეიძლება გადაწყდეს.. იმედი მაქვს, რომ პარტიულ პოლიტიკას გავცდებით, რათა ეროვნული უსაფრთხოება უზრუნველვყოთ... კიდევ რამდენი ამერიკელის სისხლი უნდა დაიღვაროს, რომ კონგრესმა თავისი საქმე გააკეთოს?" თქვა მან.

ტრამპის გამოსვლას გაემოხმაურნენ დემოკრატიული პარტიის ლიდერები.

"ფაქტია, რომ ქალები და ბავშვები საზღვარზე არა უსაფრთხოების, არამდე ჰუმანიტარული გამოწვევაა. ტრამპმა უნდა შეწყვიტოს ამერიკელი ხალხის მძევლად აყვანა და კრიზისის ხელოვნურად შექმნა. მან უნდა გახსნას მთავრობა." თქვან ნენსი პელოსიმ.

ტრამპი კონგრესის ლიდერებთან მოლაპარაკებებს დღეს გამართავს, ხვალ კი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით სასაზღვრო ზონას ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მთავრობა უკვე 18 დღე ნაწილობრივ დახურულია. მიზეზი ისაა, რომ ტრამპი და დემოკრატიული პარტია, რომელიც ახალი მოწვევის წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებს ბიუჯეტში სასაზღვრო კედლის დაფინანსების საკითხზე ვერ თანხმდებიან. ტრამპი კედლის მშენებლობისათვის 5.7 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიუჯეტის ხელმოწერაზე უარს ამბობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები