უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

მიტროპოლიტი ნიკოლოზი: უკრაინის ეკლესიამ ცოტა მოიცადოს, ამაში საზიანო არაფერია

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არ განუცხადებია. 

ზოგიერთი მღვდელმთავარი გამოხატავს თავის პირად პოზიციას და უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს. 

თუმცა, წმიდა სინოდის წევრთა ნაწილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ავტოკეფალიის ტომოსის (ბრძანების) წაკითხვის შემდეგ მიიღებენ. 

ერთ-ერთი მათგანი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზია, რომელმაც ამ საკითხზე ინტერპრესნიუსთან ისაუბრა. 

"უკრაინის ეკლესიამ რომ ცოტა მოიცადოს, ამაში განსაკუთრებული და საზიანო არაფერი არ არის. ჩვენ ავტოკეფალია 1917 წელს აღვიდგინეთ, რაც რუსეთის ეკლესიამ 1943 წელს აღიარა, ხოლო კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ - 1990 წელს. აღიარების პროცესი ნელი და რთული პროცესია", – უთხრა მეუფე ნიკოლოზმა ინტერპრესნიუსს. 

მისივე თქმით, 

"იმის თქმა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აღიარა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა, ზედაპირული განცხადებაა, რადგან აღიარება ძალიან რთული და გრძელი პროცესია, რომელიც ბევრი პუნქტისგან შედგება და მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსემ იგი უნდა შეისწავლოს. ამიტომ დღეს ჩვენ მიერ უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ აზრის დაფიქსირება ძალიან არაკორექტული იქნება სხვა ეკლესიების მიმართ, რომლებიც დიპტიხით ჩვენ წინ არიან. ასეთებია: ალექსანდრიის საპატრიარქო, რომელიც დიპტიხით მეორე ადგილზეა, ანტიოქია, იერუსალიმის და სხვა ეკლესიებიც, თუ გავითვალისწინებთ დიპტიხის კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსეულ ვერსიას. სანამ ამ საპატრიარქოების აზრი ოფიციალურად არ იქნება გამოქვეყნებული, მანამდე ჩვენ ჩვენს პოზიციას, რომც გვქონდეს ჩამოყალიბებული, ვერ დავაფიქსირებთ. ეს უტაქტობა და არაკორექტულობა იქნება. 

წმინდა სინოდზე ჩვენ განვიხილეთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან მიღებული წერილი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით. ოფიციალურ წერილში წერია ძალიან სახიფათო ფრაზა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აქვს ექსკლუზიური უფლება, ნებისმიერი ადგილობრივი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩაერიოს. პირადად ჩემთვის, ეს მიუღებელია და ბევრი სირთულის გამომწვევი შეიძლება გახდეს მომავალში", - ამბობს მიტროპოლიტი. 

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელი 5 იანვარს მოაწერა. 

კომენტარები