გრიპის ვირუსი

გრიპის ვირუსის პრევენცია - რა რეკომენდაციას აძლევს განათლების სამინისტრო სკოლებს

iStockphoto

გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით, განათლების სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციას აძლევს, არდადეგების პერიოდი დამატებით გამოიყენონ შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად. შეგახსენებთ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 18 იანვრის (პარასკევი) ჩათვლით გახანგრძლივდება. განათლების სამინისტრომ გადაწყვეტილება "მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობისა და მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე" მიიღო. სასწავლო პროცესი 15 იანვარს უნდა დაწყებულიყო.

"სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი. ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს" - აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ მათთვის უმთავრესი პრიორიტეტი სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში გრიპის ვირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. რამდენიმე ათეული პაციენტი მკურნალობს, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის შეფასებით, "მიმდინარეობს რაღაც მიზანმიმართული დაშინება მოსახლეობის, გეგონება, გრიპი პირველად არის". NCCD-ის სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, გრიპის ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი 2009-2010 (53 პაციენტი) და 2015-2016 წლებში (50 პაციენტი) გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ.

ეს სამედიცინო დაწესებულებებია:

  • შპს მედკაპიტალი-გლდანი მის: ვეკუას ქ. N 18.
  • შპს მედკაპიტალი-საბურთალო მის: გამრეკელის ქ. N19.
  • შპს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57.
  • შპს მედსი: ("ვერე-21") მის: ქიაჩელის ქ. N 18.
  • შპს მედკაპიტალი-სამგორი მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.

წაიკითხეთ ჩვენებები, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს და გაეცანით ბოლო 10 წლის სტატისტიკას - როდის რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში გრიპის ვირუსით.

ასევე ნახეთ სააფთიაქო ქსელები, სადაც ექიმის მიერ დანიშნული ანტივირუსული პრეპარატის ტამიფლუს შეძენას შეძლებთ.

კომენტარები