გრიპის ვირუსი

სასწავლო პროცესი ბაღებშიც გადაიდო

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

სასწავლო პროცესი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებშიც გადაიდო.

ინფორმაციას ამის შესახებ ბაღების სააგენტო ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ბაგა-ბაღებში გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება.

სააგენტოს ცნობით, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 1 კვირით გახანგრძლივდება, შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესი, 14-ის ნაცვლად, 21 იანვარს განახლდება.

"სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღის შენობაში ჩატარდება გეგმიური სანიტარიული სამუშაოები, რომელიც მოიცავს დეზინფექციას, დეზინსექციას და დერატიზაციას", - ამბობენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის არდადეგები ერთი კვირით გახანგრძლივდა სკოლებშიც. განათლების სამინისტრომ გადაწყვეტილება "მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობისა და მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე" მიიღო. სასწავლო პროცესი 15 იანვარს უნდა დაწყებულიყო.

ვრცელდება ინფორმაცია სხვა ქალაქებში ბაღებში სასწავლო პროცესის გადადების შესახებაც.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში გრიპის ვირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. რამდენიმე ათეული პაციენტი მკურნალობს, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის შეფასებით, "მიმდინარეობს რაღაც მიზანმიმართული დაშინება მოსახლეობის, გეგონება, გრიპი პირველად არის". NCCD-ის სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, გრიპის ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი 2009-2010 (53 პაციენტი) და 2015-2016 წლებში (50 პაციენტი) გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ.

ეს სამედიცინო დაწესებულებებია:

  • შპს მედკაპიტალი-გლდანი მის: ვეკუას ქ. N 18.
  • შპს მედკაპიტალი-საბურთალო მის: გამრეკელის ქ. N19.
  • შპს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57.
  • შპს მედსი: ("ვერე-21") მის: ქიაჩელის ქ. N 18.
  • შპს მედკაპიტალი-სამგორი მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.

წაიკითხეთ ჩვენებები, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს და გაეცანით ბოლო 10 წლის სტატისტიკას - როდის რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში გრიპის ვირუსით.

ასევე ნახეთ სააფთიაქო ქსელები, სადაც ექიმის მიერ დანიშნული ანტივირუსული პრეპარატის ტამიფლუს შეძენას შეძლებთ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლუკა შენგელია

კომენტარები