უგულავა TBC-ზე: არასასურველი ბიზნესმენების შევიწროვებაა, ივანიშვილი პირადად უტევს ხაზარაძეს

TBC ბანკის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა "არასასურველი ბიზნესმენების შევიწროვებას" უწოდებს. მან TV პირველის ეთერში თქვა, რომ მეორე ტურის შემდეგ, ბიძიონა ივანიშვილმა შემდეგი დასკვნა გამოიტანა - გაანადგუროს პოლიტიკური ოპოზიცია, სასამართლო და ბიზნესი.

"ყველამ კარგად იცის, რომ გუშინ პროკურატურამ საცივიდან ამოიღო თავი და ხაზარაძეს ეცა - ეს ასე არ დაწყებულა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ივანიშვილი რამდენიმე თვეა, პირადად უტევდა მას.

ძალიან რთულია, ისაუბრო, რა უდევს ივანიშვილს თავში. ჩვენ ვხედავთ ფაქტებს და შედეგს. ბიძინა ივანიშვილმა მეორე ტურის შემდეგ დასკვნა გამოიტანა, რომ გაანადგუროს პოლიტიკური ოპოზიცია, სასამართლო, რომელიც პირადად სჭირდება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც შეიძლება იყოს დამოუკიდებელი ფულის წყარო, განახორციელოს ფართომასშტაბიანი შეტევა.

ივანიშვილმა საზოგადოებას უთხრა, "ამ არჩევნებით გამოვიტანე ეს დასკვნა, რომ ყველა არასასურველ ელემენტი, იქნება ეს სასამართლოში, ბიზნესში, პოლიტიკაში, უნდა გავანეიტრალო, სადაც შესაძლებელია, დავიჭერ, სადაც აუცილებელია, იქ დავნიშნავ ყველაზე საზიზღარ ადამიანებს, იმიტომ, რომ ჩემი ნება-სურვილი განახორციელონ". და ბიზნესში, თეორიულად ვინც შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც შესაძლოა პოლიტიკური ამბიციაც გაუჩნდეს, ყველა მიმართულებით ვხედავთ შეტევას. აქედან ყველა ძაფი მიდის ბიძინა ივანიშვილთან" - თქვა გიგი უგულავამ. 

გუშინ, 2019 წლის 8 იანვარს ერთ-ერთმა საინფორმაციო პორტალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2018 წლის მაისში ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა "გაშიფრა დანაშაულებრივი სქემა", რომლის თანახმად TBC ბანკის დამფუძნებლებმა "ფინანსური მაქინაციების მეშვეობით მიითვისეს და გაათეთრეს ბანკის კუთვნილი ათობით მილიონი ლარი“. დღეს კი, ამაზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ისაუბრა. პროკურორ სალომე ჩიქობავას თქმით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო "თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები. ჩიქობავას თქმით, მათ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყეს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. კითხვაზე, რატომ დაიწყო 2008 წლის საქმეზე გამოძიება 10 წლის შემდეგ, პროკურორმა თქვა, რომ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მათ ინფორმაცია მიაწოდეს. 

დღეს ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ამ ინფორმაციას "ორკესტრირებული შავი პიარი“ უწოდა. ბანკის განცხადებით, საქმე ეხება 2008 წლის "რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას", რომელიც, მათივე თქმით: "არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი, ისე წინა ხელისუფლების დროს; არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული და მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია". მათივე ინფორმაციით, ამ საქმეზე ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკი 1 მილიონი ლარით დააჯარიმა.

"ამ ეტაპზე გაურკვეველია, დააკისრებს თუ არა სებ-ი მას დამატებით სანქციებს. თიბისი ბანკმა ჯარიმა საქართველოს სასამართლოებში უკვე გაასაჩივრა და სასამართლომაც ჯარიმის შეჩერების შესახებ ბრძანება გამოსცა,"- წერია განცხადებაში. 

კომენტარები