სავაჭრო პალატა: მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყვიტოს TBC ბანკსა და ზოგადად, კერძო სექტორზე ზეწოლა

საერთაშორისო სავაჭრო პალატა მხარდაჭერას უცხადებას თიბისი ბანკს და მოუწოდებს მთავრობას, შეწყვიტოს ამ ინსტიტუტსა და ზოგადად, კერძო სექტორზე ზეწოლა. ICC Georgia-ს შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა არც ერთი დაპირება არ შეასრულა და ბოლო ექვსი წლის მანძილზე მრავალი ბიზნესი მოექცა სახელმწიფო ზეწოლის ქვეშ. საერთაშორისო სავაჭრო პალატას მაგალითად მოჰყავს ამონარიდები ბიძინა ივანიშვილის განცხადებებიდან, რომლებიც ყოფილმა პრემიერმა 2012 წლის 5 ოქტომბერს, სავაჭრო პალატასა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა. 

"...მე ვდებ პირობას, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველა ბიზნესს თანაბარ პირობებს შეუქმნის და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ზეწოლის პრაქტიკას აღმოვფხვრით."

"თქვენ დაუყონებლივ უნდა შემოჰკრათ განგაშის ზარები, თუკი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის შემთხვევა მოხდება."

"მე ვიძლევი გარანტიას,რომ ვერავინ გაბედავს ბიზნესზე ზეწოლას და მკაცრად დასჯილი იქნება ამგვარი ზეწოლის პირველივე შემთხვევა. თქვენც არ უნდა დაფაროთ მსგავსი დანაშაული და უნდა აიმაღლოთ ხმა, რომ გაგვიადვილდეს მსგავსი შემთხვევების გამოაშკარავება. საჯაროდ განაცხადეთ და გაგვაგებინეთ, თუკი იცით პრობლემის არსებობის შესახებ, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახდინოთ რეაგირება."

„მთავრობა შორს უნდა იდგეს ბიზნეს სექტორისგან. თქვენ უნდა შეაწუხოთ ხელისუფლება, თუ კანონმდებლობა შესაცვლელია. ინიციატივები უნდა მოდიოდეს თქვენგან და არა პირიქით."

"როგორც კი რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელი არაკეთილსინდისიერი განზრახვით დაგიახლოვდებათ ,მაშინვე უნდა განაცხადოთ ხმამაღლა: "ჩემზე ძალადობენ!" ...და უნდა ატეხოთ განგაში, თუკი ხელისუფლებიდან ვინმე შემოგთავაზებთ "დახმარებას".

"სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები იმ დღეს მზის ჩასვლისთანავე გარდაიცვალა. ბოლო ექვსი წლის მანძილზე მრავალი ბიზნესი იყო სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ზეწოლის ქვეშ, ხოლო ბოლო შემთხვევა განხორციელდა პროკურატურის მიერ, რომელიც ცდილობს საქართველოში ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის, თიბისი ბანკისთვის ზიანის მიყენებას და ძირის გამოთხრას. მსგავსი ქმედებები დააზარალებს არა მხოლოდ ბანკს, არამედ უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ბიზნეს გარემოზე და თავად მთავრობაზეც. სამწუხაროა, რომ ისტორია ისევ მეორდება და ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსები არასდროს ითვალისწინებენ წინამორბედების შეცდომებს. ICC Georgia მხარდაჭერას უცხადებას თავის წევრს,თიბისი ბანკს, და მოუწოდებს მთავრობას, შეწყვიტოს ამ ინსტიტუტზე და ზოგადად, კერძო სექტორზე ზეწოლას" - აცხადებს საერთაშორისო სავაჭრო პალატა.

გუშინ, 2019 წლის 8 იანვარს ერთ-ერთმა საინფორმაციო პორტალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2018 წლის მაისში ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა "გაშიფრა დანაშაულებრივი სქემა", რომლის თანახმად TBC ბანკის დამფუძნებლებმა "ფინანსური მაქინაციების მეშვეობით მიითვისეს და გაათეთრეს ბანკის კუთვნილი ათობით მილიონი ლარი“. დღეს კი, ამაზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ისაუბრა. პროკურორ სალომე ჩიქობავას თქმით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო "თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები. ჩიქობავას თქმით, მათ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყეს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. კითხვაზე, რატომ დაიწყო 2008 წლის საქმეზე გამოძიება 10 წლის შემდეგ, პროკურორმა თქვა, რომ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მათ ინფორმაცია მიაწოდეს. 

დღეს ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ამ ინფორმაციას "ორკესტრირებული შავი პიარი“ უწოდა. ბანკის განცხადებით, საქმე ეხება 2008 წლის "რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას", რომელიც, მათივე თქმით: "არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი, ისე წინა ხელისუფლების დროს; არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული და მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია". მათივე ინფორმაციით, ამ საქმეზე ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკი 1 მილიონი ლარით დააჯარიმა.

"ამ ეტაპზე გაურკვეველია, დააკისრებს თუ არა სებ-ი მას დამატებით სანქციებს. თიბისი ბანკმა ჯარიმა საქართველოს სასამართლოებში უკვე გაასაჩივრა და სასამართლომაც ჯარიმის შეჩერების შესახებ ბრძანება გამოსცა,"- წერია განცხადებაში. 

კომენტარები