კორძაძე: 80 მილიონამდე მოხმარდა TBC-ის ლიკვიდურობის გაზრდას, ომის მერე ბანკი გადასარჩენი იყო

Commersant.ge

ჩემთვის ცოტა გაუგებარია ეს ორდღიანი ისტერია, რომელიც შექმნილია და ამას ხელოვნურობის ფონი გასდევს, რადგან არავის ბრალი წაყენებული არ აქვს, არავინ არაფერს ედავება- ამის შესახებ TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი" თქვა. 

მისი თქმით, პროკურატურამ ამოიღო კონკრეტულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით საბუთები, რომელიც არის 11 წლის წინანდელი და ეროვნული ბანკის მიერ არაერთხელ იქნა შესწავლილი შემოწმების პერიოდში. მისი თქმით, არანაირი პრობლემა არც ძველი, არც ახალი ხელისუფლების დროს არ ყოფილა.

"აღნიშნულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით, პროკურატურას კონკრეტული კითხვები გაუჩნდა, მამუკა ხაზარაძე დაიკითხა სასამართლოში. ჩვენ სასამართლოში დაკითხვის შესაძლებლობა ავირჩიეთ, რომელიც არსებობს ახალი პროცესის მიხედვით და მიეცა ყველა საკითხზე კონკრეტული განმარტება. პროკურატურა ამბობს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, არავითარი საფუძველი სხვა ბრალის წაყენების არ არსებობს",- ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, 80 მილიონამდე, რომლის მობილიზებაც მაშინ მოხდა, მოხმარდა თვითონ "თიბისი ბანკის" ლიკვიდურობის გაზრდას. კორძაძე ამბობს, რომ ბანკი, ომის შემდეგ გადასარჩენი იყო. 

"მთელ ამ ისტორიაში ყველაზე უცნაური და გასაკვირი თვითონ დასახელებაა, რითიც მიმდინარეობს საქმის წარმოება - ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზება, რაც თავისთავად მყვირალა მუხლია, მაგრამ ამ შემთხვევაში საერთოდ აბსურდია, რადგან საქმე ეხება თანხის სესხებას ერთი პირის მიერ მეორე პირისგან. გამოჩნდა ისე, რომ ეს თანხა აღებულია და წაღებულია სადღაც. სინამდვილეში თანხა, არა მხოლოდ ეს 17 მილიონი, არამედ 80 მილიონამდე, რომლის მობილიზებაც მაშინ მოხდა, მოხმარდა თვითონ "თიბისი ბანკის" ლიკვიდურობის გაზრდას. პრობლემა იყო ბანკის ლიკვიდურობის, გადასარჩენი იყო ომის მერე ბანკი. მთელი ეს თანხა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ისევ "თიბისი ბანკს" მოხმარდა. არსად ეს თანხა, ერთი კაპიკი სხვა რამეში არ დახარჯულა. ასე რომ, ეს არის ჭიქაში ქარიშხალი, რომელიც წარმოიშვა ამ ორი დღის განმავლობაში",- აღნიშნა კორძაძემ.

2019 წლის 8 იანვარს ერთ-ერთმა საინფორმაციო პორტალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2018 წლის მაისში ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა "გაშიფრა დანაშაულებრივი სქემა", რომლის თანახმად TBC ბანკის დამფუძნებლებმა "ფინანსური მაქინაციების მეშვეობით მიითვისეს და გაათეთრეს ბანკის კუთვნილი ათობით მილიონი ლარი“. 

გუშინ კი, ამაზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ისაუბრა. პროკურორ სალომე ჩიქობავას თქმით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო "თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები. ჩიქობავას თქმით, მათ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყეს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. კითხვაზე, რატომ დაიწყო 2008 წლის საქმეზე გამოძიება 10 წლის შემდეგ, პროკურორმა თქვა, რომ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მათ ინფორმაცია მიაწოდეს. 

გუშინ, ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ამ ინფორმაციას "ორკესტრირებული შავი პიარი“ უწოდა. ბანკის განცხადებით, საქმე ეხება 2008 წლის "რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას", რომელიც, მათივე თქმით: "არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი, ისე წინა ხელისუფლების დროს; არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული და მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია". მათივე ინფორმაციით, ამ საქმეზე ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკი 1 მილიონი ლარით დააჯარიმა.

"ამ ეტაპზე გაურკვეველია, დააკისრებს თუ არა სებ-ი მას დამატებით სანქციებს. თიბისი ბანკმა ჯარიმა საქართველოს სასამართლოებში უკვე გაასაჩივრა და სასამართლომაც ჯარიმის შეჩერების შესახებ ბრძანება გამოსცა,"- წერია განცხადებაში.

კომენტარები