აშშ

ტრამპმა კონგრესში დემოკრატებთან შეხვედრა დატოვა: "დროის ფუჭად კარგვაა"

0 კომენტარი
ფოტო: AP

დონალდ ტრამპი კონგრესის ლიდერებს შეხვდა. მათ მთავრობის გახსნაზე და ბიუჯეტის დამტკიცებაზე ისაუბრეს.

პრეზიდენტმა დემოკრატიული პარტიის ლიდერებთან შეხვედრა მას შემდეგ დატოვა, რაც მათ სასაზღვრო კედლის დაფინანსებაზე კვლავ უარი თქვეს.

ტრამპმა შეხვედრას "დროის ფუჭად კარგვა" უწოდა. მან საკუთარ Twitter-ზე დაწერა:

"ახლახან დავტოვე შეხვედრა ჩაკთან და ნენსისთან, დროის ფუჭი კარგვა იყო. მე ვკითხე მათ რა მოხდება 30 დღეში, თუ სწრაფად გახსნაზე დავთანხმდები, დაუჭერენ თუ არა მხარს სასაზღვრო უსაფრთხოებას, რაც კედელს და მეტალის ბარიერს მოიცავს? ნენსიმ თქვა არა, მე ვუთხარი ნახვამდის, სხვა არაფერი მუშაობს!"

 

წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ნენსი პელოსის თქმით ტრამპს არ ადარდებს იმ ამერიკელების ბედი, ვინც მთავრობის დახურვის გამო ხელფასის გარეშე დარჩა:

"ის ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ მამიკოებს სთხოვონ ფული. მაგრამ ეს ასე არ არის." თქვა მან.

სენატში დემოკრატიული პარტიის სპიკერის, ჩაკ შუმერის თქმით როდესაც ნენსი პელოსიმ ტრამპს უთხრა, რომ სასაზღვრო კედლის მშენებლობას მხარს არ დაუჭერს, პრეზიდენტმა უპასუხა "მაშინ, არაფერი გვაქვს განსახილველი" და შეხვედრა დატოვა.

ნიუ-იორკის სენატორმა თქვა, რომ ტრამპმა მაგიდას ხელი დაარტყა, თუმცა ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ამ ფაქტს უარყოფს:

"პრეზიდენტმა ოთახში შესვლის შემდეგ კანფეტები დაარიგა. არ მახსენდება, რომ მას ხმისთვის აეწიოს ან ხელი დაერტყას." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებულ სატელევიზიო მიმართვაში ტრამპმა მთავრობის დახურვაზე და მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობაზე ისაუბრა:

"ეს ჰუმანიტარული კრიზისია - გულის და სულის კრიზისი... დემოკრატების მოთხოვნით ეს იქნება ფოლადის ბარიერი და არა ბეტონის კედელი. ეს ბარიერი სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი საზღვრის უსაფრთხოებისათვის... სასაზღვრო კედელი მალევე დაფარავს საკუთარ ხარჯებს. არალეგალური ნარკოტიკის ხარჯი წელიწადში 500 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც ბევრად აღემატება 5.7 მილიარდს, რომელიც კონგრესისგან მოვითხოვეთ. კედელი არაპირდაპირი გზით იმ ახალი შესანიშნავი სავაჭრო შეთანხმებიდან დაფინანსდება, რომელიც მექსიკასთან გავაფორმეთ... ფედერალური მთავრობა მხოლოდ ერთი მიზეზითაა დახურული: დემოკრატები არ აფინანსებენ სასაზღვრო უსაფრთხოებას... სიტუაცია 45-წუთიანი შეხვედრით შეიძლება გადაწყდეს.. იმედი მაქვს, რომ პარტიულპოლიტიკას გავცდებით, რათა ეროვნული უსაფრთხოება უზრუნველვყოთ... კიდევ რამდენი ამერიკელის სისხლი უნდა დაიღვაროს, რომ კონგრესმა თავისი საქმე გააკეთოს?" თქვა მან.

აშშ-ში მთავრობა უკვე 19 დღეა ნაწილობრივ დახურულია. მიზეზი ისაა, რომ ტრამპი და დემოკრატიული პარტია, რომელიც ახალი მოწვევის წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებს ბიუჯეტში სასაზღვრო კედლის დაფინანსების საკითხზე ვერ თანხმდებიან. ტრამპი კედლის მშენებლობისათვის 5.7 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიუჯეტის ხელმოწერაზე უარს ამბობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები