გრიპის ვირუსი

გამყრელიძე: მედიკამენტების და სამედიცინო პირბადეების საკმარისი რაოდენობა გვაქვს

ქვეყანაში ტამიფლუს და სამედიცინო პირბადეების საკმარისი რაოდენობაა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა. 

მისი თქმით, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა იკლო, მაგრამ ჯერჯერობით ისევ მაღალია სასწრაფო დახმარების გამოძახება და ოჯახის ექიმთან მიმართვიანობა.

მისივე თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში სტატისტიკაც არ შეცვლილა და ე.წ ღორის გრიპით, ამ დროის მონაცემებით 10 ადამიანი გარდაიცვალა. 

"ამ ეტაპზე არავითარი დეფიციტი არ არის. ტამიფლუს მარაგები ყველა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გახლავთ. პირბადეები ძირითადად თავშეყრის ადგილებში უნდა გამოვიყენოთ, რადგან ქუჩაში არავითარი აზრი არ აქვს და ძალიან მალე ჭუჭყიანდება. ასევე, უნდა გამოვცვალოთ ყოველ 4 საათში. თუ სააფთიაქო ქსელში იქნება დეფიციტი, სახელმწიფო მარაგებიდან ის შეივსება",- ამბობს გამყრელიძე. 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში გრიპის ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. რამდენიმე ათეული პაციენტი მკურნალობს, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის შეფასებით, "მიმდინარეობს რაღაც მიზანმიმართული დაშინება მოსახლეობის, გეგონება, გრიპი პირველად არის". NCCD-ის სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, გრიპის ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი 2009-2010 (53 პაციენტი) და 2015-2016 წლებში (50 პაციენტი) გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ.

ეს სამედიცინო დაწესებულებებია:

  • შპს მედკაპიტალი-გლდანი მის: ვეკუას ქ. N 18.
  • შპს მედკაპიტალი-საბურთალო მის: გამრეკელის ქ. N19.
  • შპს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57.
  • შპს მედსი: ("ვერე-21") მის: ქიაჩელის ქ. N 18.
  • შპს მედკაპიტალი-სამგორი მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.

წაიკითხეთ ჩვენებები, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს და გაეცანით ბოლო 10 წლის სტატისტიკას - როდის რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში გრიპის ვირუსით.

ასევე ნახეთ სააფთიაქო ქსელები, სადაც ექიმის მიერ დანიშნული ანტივირუსული პრეპარატის ტამიფლუს შეძენას შეძლებთ.

კომენტარები