რუსული ესტრადა

დიმა ბილანი რუსეთში ისეთი სტრუქტურის შექმნას ითხოვს, რომელიც მუსიკის ხარისხს გააკონტროლებს

რუსი მომღერალი დიმა ბილანი, იმისთვის რომ რუსულ ესტრადაში ყველაფერი დაშვებული არ იყოს, ისეთი სტრუქტურების შექმნას ითხოვს, რომელიც მუსიკის ხარისხს გააკონტროლებს. 

"დასავლურ მუსიკაში რაღაც ქაოსია. თუ რაიმე გზით შესაძლებელია ჩვენი ქვეყნის ტრადიცია შევინარჩუნოთ და აბსოლუტურ ნაგავში არ გადავეშვათ და რაიმე ჩარჩოში მოვაქციოთ უნდა იყოს გარკვეული სტრუქტურები, რომელიც ამ პროცესს გააკონტროლებს. მიუხედავად იმისა რომ მე ღია ვარ მსოფლიოსთვის, ის რაც ახლა ხდება მეტისმეტია",- თქვა მომღერალმა აბუდაბიში ფესტივალის დროს. 

BBC-ის ინფორმაციით, დუმაში ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ბორის ჩერნიშოვმა ბილანს ღია წერილით მიმართა და აღნიშნა, რომ მომღერლის იდეა გააკრიტიკა. 

"საბჭოური სამხატვრო კომიტეტების მოგონებებისკენ ბიძგია. მათ დაღუპეს ასობით სიმღერა და საცეკვაო კომპოზიცია, რომლებმაც მსმენელამდე ვერ მიაღწიეს"- წერს დეპუტატი. 

როგორც აღმოჩნდა, მომღერლის იდეა არც რუსეთის კულტურის სამინისტროში მოეწონათ. 

"შემოქმედებითი სამუშაოების წინასწარი დაკვირვება, ცენზურის გარკვეული ფორმაა",- თქვეს პრესსამსახურში. 

ცნობისთვის, გასული წლის დეკემბერში, კულტურის და ხელოვნების საპრეზიდენტო საბჭოს შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მთავრობამ რეპი უნდა გააკონტროლოს. 

პუტინმა ასევე თქვა, რომ მას აღელვებს "ცუდი ენა" რეპში, რადგან ის ახალგაზრდების გონებას რყვნის. "ჩვენ ყველას გვაქვს სხეულის გარკვეული ნაწილები, მაგრამ მათ ყოველთვის გამოსაჩენ ადგილას არ ვდებთ."- თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები