ქართული ოცნება

"ჩამოვალ და ნათელს მოვფენ ყველაფერს" - ბესელია ივანიშვილს პასუხობს

ეკა ბესელია
პარლამენტი

ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ მან გუნდურობის პრინციპი დაარღვია, ფეისბუქის პოსტით გამოეხმაურა. 

ბესელია პარიზში იმყოფება, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს. 

"რა სიმბოლურია, რომ ახლა ვიმყოფები ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ და საქართველოში ვერ ვთანხმდებით, რომ უნდა არსებობდეს გამართული სტანდარტები და კრიტერიუმები. რაც შეეხება ამ განცხადებას, რაც გავრცელდა პარტიის თავმჯდომარის სახელით - ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს!!!

მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლის სიმართლეშიც", - დაწერა ბესელიამ. 

ბიძინა ივანიშვილმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში დღეს 28-დან მხოლოდ 10 მოსამართლეა წარმოდგენილი, სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლის.

ყოფილ პრემიერმინისტრს და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ "მმართველმა გუნდმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება, როდესაც დაიტოვა მეტი დრო მოსამართლეების არჩევის საკითხის განხილვისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მმართველი გუნდის წარმომადგენლების უმრავლესობის პოზიციის შესაბამისად". 

რაც შეეხება ბესელიას, ივანიშვილის აზრით, ის გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ წავიდა. 

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დეკემბრის ბოლოს დატოვა, ამის მიზეზად კი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეები დაასახელა. 

კომენტარები