ჯანო ანანიძის იჯარა

ჯანო ანანიძე: ვიტესში გადასასვლელად ხელფასის შემცირებაზე თანახმა ვიყავი

ჯანო ანანიძე
www.fc-rostov.ru

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოსკოვის სპარტაკიდან სეზონის ბოლომდე იჯარით კრილია სოვეტოვში ითამაშებს. სამომავლო გეგმების შესახებ ანანიძემ სპარტაკის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა. 

"ძალების მოსინჯვა ევროპაში მსურდა. ვიტესის მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი მეპატიჟებოდა და ჰოლანდიაში წასავლელად ხელფასის შემცირებაზეც თანახმა ვიყავი, თუმცა გარკვეული საბუთების გამო აღნიშნული ტრანსფერი ჩაიშალა. დიდი მადლობა სპარტაკს, რომელმაც არჩევანის საშუალება მომცა, რადგან ვიტესამდე კრილია სოვეტოვის წინადადება იყო აქტუალური.

ახლა ვიტესი უკვე წარსულია და კრილია სოვეტოვის ფეხბურთელი ვხდები. 14 იანვარს ახალ გუნდთან ერთად შეკრებაზე გავემგზავრები. მიხარია, რომ სამედოვი კვლავ ჩემი თანაგუნდელი იქნება, სამარელთა დამრიგებელი კი ჩემთვის როსტოვიდან კარგად ნაცნობი მიოდრაგ ბოჟოვიჩია, რომელმაც კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები. 

ჩემს განათხოვრებას გაგებით ვხვდები, რადგან საკუთარ მდგომარეობას ადეკვატურად ვაფასებ. სათამაშო დრო მჭირდება, რათა დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები და სპარტაკში უფრო ძლიერი დავბრუნდე", - განაცხადა ანანიძემ.

კომენტარები