BBC

რუსეთში BBC-ს მაუწყებლობის შეწყვეტას განიხილავენ

რუსეთი BBC-ს ტერორისტული პროპაგანდის წახალისებაში ადანაშაულებს. რუსეთის სახელმწიფო მედია მარეგულირებლის, როსკომნადზორის თანახმად, ახალ ამბებში ისლამური სახელმწიფოს ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ციტატების გავრცელება არღვევს რუსეთის ანტი-ექსტრემისტულ კანონმდებლობას.

"ვაპირებთ შევამოწმოთ, თუ რამდენად შეესაბამება BBC-ს საიტები რუსულ კანონმდებლობას. აღმოვაჩინეთ მასალები, რომლებიც შეიცავს ტერორისტული ჯგუფის იდეოლოგიურ პრინციპებს"- განაცხადა მარეგულირებელმა ხუთშაბათს. 

რუსეთში მედიებს ისლამური სახელმწიფო ლიდერების და მხარდამჭერების განცხადებების გავრცელება ეკრძალებათ. როსკომნადზორი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ სანქციებს და მაუწყებლობის ლიცენზიის შეწყვეტას განიხილავს. 

როსკომნადზორმა გამოძიება დეკემბერში დაიწყო. მას შემდეგ, რაც გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელმა Ofcom-მა გააკრიტიკა რუსული მაუწყებლის, Russia Today-ს საქმიანობა ბრიტანეთში. Ofcom-მა აღმოაჩინა, რომ ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის მოწამვლის მცდელობის გაშუქებისას Russia Today-მ დაარღვია მიუკერძოებლობის პრინციპი და მოვლენები დაამახინჯა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დეკემბერში დაადასტურა, რომ BBC-ს წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება იყო პასუხი Ofcom-ის კრიტიკაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მარია ზახაროვას თქმით, ბრიტანეთის ქმედებებმა Russia Today-ს წინააღმდეგ რუსეთს საპასუხო ქმედებების გარდა სხვა გზა არ დაუტოვა. 

დეკემბერში როსკომნადზორის გამოძიების დაწყებას თან ახლდა ნაციონალისტური საიტების მიერ რუსეთში მომუშავე BBC-ს ჟურნალისტების სიის და ფოტოების გავრცელება ინტერნეტში. რაც სავარუდოდ რუსეთის მხრიდან სამაგიეროს გადახდის მცდელობა იყო მას შემდეგ, რაც Sunday Times-მა Sputnik-ის ბრიტანულ განყოფილებაში მომუშავე რვა ჟურნალისტის სახელი გაავრცელა.

"ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, BBC რუსეთში მუშაობს ქვეყნის კანონების და რეგულაციებით დაცვით, რათა გაავრცელოს მიუკერძოებელი ახალი ამბები და ინფორმაცია თავის აუდიტორიას."- აცხადებს BBC. 

კომენტარები