ზურაბიშვილი: უკრაინისთვის მილოცვა ადვილი იქნებოდა - არ ვულოცავ, რადგან საპატრიარქო ფრთხილობს

ტვ პირველი

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მოპოვებას არ ულოცავს, ვინაიდან საქართველოს საპატრიარქო ფრთხილობს. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისთვის ავტოკეფალიის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოსთვის ავტოკეფალიის მოპოვებას ქვეყნის დამოუკიდებლობაც მოჰყვა, თუმცა, უკრაინა საქართველოსგან განსხვავებული ქვეყანაა. 

როგორც ის ამბობს, უკრაინელი ხალხისთვის ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვების მილოცვა მისთვის მარტივი იქნებოდა, მაგრამ თავს სწორედ საპატრიარქოს პოზიციის გამო იკავებს, საპატრიარქო კი, თავის მხრივ, შესაძლო შედეგების გამო ფრთხილობს. 

"ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი. ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი ჩემთვის პირადად და მე მგონი, ძალიან ბევრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენამ 1917 წელს შემდგომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის აღდგენისთვის. ჩვენთან ეს იყო დამოუკიდებლობის საწინდარი, ეს არის ჩვენი ისტორიული გზა, სადაც საუკუნეების მანძილზე სწორედ ეკლესია იყო წინა პლანზე, ეკლესია ქმნიდა სახელმწიფოს სიძლიერეს, დამოუკიდებლობას და განვითარების საწინდარს ყოველმხრივ. 

ეს ალბათ არ არის უკრაინის ისტორიული გამოცდილება. სხვადასხვანაირი ქვეყნები ვართ. 

ძალიან მარტივი იქნებოდა ჩემთვის ავტოკეფალიის აღდგენის მილოცვა უკრაინელი ხალხისთვის, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის ძალიან ბუნებრივი ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე. მაგრამ დღეს მე როგორც რიგითი მოქალაქე, არ გესაუბრებით, მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი და ამდენად, მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. თუ ვიცით და ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას. თუ ვიცით და ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას და საქართველოს საპატრიარქო ჩემზე ნაკლებად არ ანიჭებს მნიშვნელობას საქართველოს ავტოკეფალიას. თუ საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ფრთხილობს რაღაც შედეგების გამო, რომელსაც მე ახლა არ მინდა ხაზი გავუსვა, მაგრამ ყველამ ვიცით, რას ეხება - არ შეიძლება, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, საპატრიარქოზე მეტი პასუხისმგებლობა ავიღო. 

[მილოცვა] ჩემთვის ადვილი იქნებოდა, მაგრამ არ მივულოცავ, იმიტომ რომ მე არ ვთვლი, რომ მაქვს უფლება, ავიღო ეს პასუხისმგებლობა", - თქვა ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში თავის პირველ პრესკონფერენციაზე. 

კომენტარები