ზურაბიშვილი: ვერავინ იტყვის, რომ არჩევნების პროპორციული წესი უფრო დემოკრატიულია

სალომე ზურაბიშვილი
ტაბულა

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ვერავინ იტყვის, რომ პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნები მაჟორიტარულ წესზე უფრო დემოკრატიულია. 

მან საქართველოს პარლამენტი ევროპარლამენტს შეადარა და თქვა, რომ ევროპაში მოსახლეობის უკმაყოფილებას სწორედ მათსა და დეპუტატებს შორის "დიდი მანძილი" იწვევს.

"პროპორციული არჩევნები რამდენად არის დემოკრატიულობის გამოხატულება, როცა ძალიან ბევრი მაგალითი არის, თუნდაც ევროპარლამენტი, სადაც მთავარი კრიტიკა, რაც ისმის საზოგადოებისგან და ამომრჩევლებისგან, ის არის, რომ ძალიან დიდი მანძილია მათსა და არჩეულ პარლამენტარებს შორის, იმიტომ რომ პარლამენტი არის არჩეული პარტიული სიებით პროპორციული წესით და არა პირდაპირი წესით. 

ამიტომ ეს საკითხი არის ძალიან ღია არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მსოფლიოში და ვერ იპოვით მსოფლიოში ვინმეს შეეძლოს იმის თქმა თეორიულად მაინც, რომ პროპორციული წესი უფრო დემოკრატიულია, ვიდრე პირდაპირი წესით არჩევნები", - თქვა მან. 

საქართველოს ახალი კონსტიტუციით, 2024 წლიდან საქართველოში საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. უქმდება დეპუტატების მაჟორიტარული გზით არჩევის წესი. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები კი ითხოვენ, რომ ეს წესი 2020 წლიდანვე ამოქმედდეს, რათა პარლამენტი უფრო მრავალფეროვანი იყოს და სხვადასხვა პარტიების წევრებით დაკომპლექტდეს. 

კომენტარები