უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

თავდემები პარლამენტს: მხარი არ დაუჭიროთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმოდგენილ კანდიდატებს

პარტია "თავისუფალმა დემოკრატებმა" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

თავისუფალი დემოკრატების თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მარიამ ცისკაძეს, ნინო ქადაგიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, პაატა სილაგაძეს, დიმიტრი გვრიტიშვილს, მერაბ გაბინაშვილს, ნინო სანდოძეს, თამარ ალანიას, გიორგი ტყავაძეს და გიორგი მიქაუტაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებად წარდგენა, ასევე ლევან მურუსიძეს უვადო მოსამართლედ დანიშვნა "მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანისთვის" სასამართლო ხელისუფლების ჩაბარების მცდელობაა.

პარტია მოუწდებს პარლამენტს, რომ:

"1. საქართველოს პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ სიაში შეტანილ არცერთ კანდიდატურას, თუ იუსტიციის საბჭო ყურად არ იღებს ფართო საზოგადოების მოთხოვნას და უკან არ გაიწვევს მოცემულ სიას. მოვუწოდებთ პარლამენტის თითოეულ წევრს, ჯეროვანი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ქვეყნის მომავლისთვის ამ ძალზე მნიშვნელოვან საკითხებს. პარლამენტის წევრებს შევახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევა ღია კენჭისყრით წარმოებს.

2 საქართველოს პარლამენტმა, "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის "ი"ქვეპუნქტისა (საბჭოს წევრის "მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება") და მე-2 პუნქტის შესაბამისად, უნდა გაიწვიოს მის მიერ არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის სამი არამოსამართლე წევრი - შოთა ქადაგიძე, ზაზა ხარებავა და ლევან გზირიშვილი, რომლებმაც საქართველოს უზენაეს სასამართლოში კანდიდატების წარდგენისას, არაჯეროვნად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა და საბჭოს მოსამართლე წევრებთან წინასწარი შეთანხმებით ხმა მისცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრობის საზოგადოებისთვის მიუღებელ კანდიდატებს", - წერია განცხადებაში.

ამასთან ერთად, თავისუფალი დემოკრატები მოუწოდებენ მოსამართლეებს, რომ "აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა და გაათავისუფლოს სასამართლო ხელისუფლებაც და საკუთარი თავიც ამ კლანის უკანონო მმართველობისაგან. იცოდეთ, რომ ქართული საზოგადოება თქვენს გვერდით დგას".

კომენტარები