პრეზიდენტის ფონდი

პრეზიდენტი: შევისყიდეთ კლარინეტი, გამოვეცით რამდენიმე წიგნი და ჟურნალი

ტაბულა

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში არსებული ნაშთი საახალწლო ღონისძიებებისა და რამდენიმე წიგნის დაფინანსებისთვის გამოიყენეს.

"რამდენიმე წიგნი გამოვეცით - შშმ პირის მიმოზა ცანავას ერთტომეული, გურამ დოჩანაშვილის წიგნის მესამე ტომი, ასევე ჟურნალი ხიდი, რომელიც, როგორც დასახელება გვეუბნება, არის ოკუპირებული ტერიტორიების და აფხაზებთან ნდობის აღდგენის ერთერთი ჟურნალი, 6 თვის გამოცემა დავაფინანსეთ. ასევე ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსისთვის შევისყიდეთ "კლარინეტი", რომელიც დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში, მაგრამ მფლობელობაში დროებით გადაეცემა ამ ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელსაც ეს სჭირდება, გადაცემის ცერემონიაზე მოგიწვევთ და ვუსურვებთ დიდ წარმატებებს" - თქვა ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე.

პრეზიდენტის თქმითვე, რადგან სარეზერვო ფონდი უკვე გაუქმდა, მან გადაწყვიტა, ქველმოქმედების და ნოვაციის ხელშეწყობის ფორმები მონახოს.

"მე მგონი, ეს აუცილებელია. პრეზიდენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი ამ ქმედებების - ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამ იურიდიულ ფორმაზე, რომ კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი ჩემი ეგიდით და საზოგადოების წარმომადგენლების დახმარებით. სადაც პირველ რიგში მე და იმედი მაქვს, სხვებიც მომყვებიან, გადავრიცხავ ჩემს ხელფასს. რამეთუ მე ვიღებ საფრანგეთიდან ჩემს შეგროვით პენსიას, რაც მეყოფა სრულებით. ასე რომ, შემიძლია, ჩემი პრეზიდენტის სარგო მოვახმარო იმ საქმეებს, რასაც ერთად გადავწყვეტთ, რომ არის მნიშვნელოვანი ქველმოქმედების ან რაღაცა ინიციატივების მხრივ. ეს იქნება სრულიად გამჭვირვალე, რომ ყველამ ერთად გადავწყვიტოთ, რა არის უფრო მნიშვნელოვანი" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები