სასაზღვრო კედელი

ვეტერანი, რომელიც სასაზღვრო კედლისთვის დონაციებს აგროვებდა ფულს უკან დააბრუნებს

0 კომენტარი
ფოტო: Facebook

ამერიკელმა ვეტერანმა, ბრაიან კოლფიჯმა, რომელმაც ომში სამი კიდური დაკარგა, დონალდ ტრამპის მთავარი წინასაარჩევნო დაპირების, სასაზღვრო კედლის განხორციელებისათვის დონაციების შეგროვება GoFundMe-ზე დაიწყო.

მას მიაჩნდა, რომ ტრამპის თითოეულმა მხარდამჭერს 80$ რომ გაეღო, კედლის მშენებლობისათვის საკმარისი იქნებოდა.

ამ დროისათვის კოლფიჯის კამპანიამ 20 მილიონ აშშ დოლარამდე მოაგროვა, თუმცა მიზანს ერთი მილიარდი აშშ დოლარი წარმოადგენდა.

ვინაიდან კოლფიჯის კამპანიამ მიზანი ვერ შეასრულა და შესაბამისად კედლის მშენებლობის ხარჯებს ვერ მოხმარდება, როგორც თავდაპირველ განცხადებაში იყო აღნიშნული, მათ ვინც თანხა გადარიცა უკან დაუბრუნდებათ.

GoFundMe-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ კოლფიჯის გადასაწყვეტია როდის გააუქმებს კამპანიას და დააბრუნებს თანხას.

კოლფიჯმა თქვა, რომ თანხის ფედერალური მთავრობისათვის გადაცემას არ აპირებდა, რადგან ისინი ამ საქმისთვის შეუფერებლები არიან. მას კედლის კერძო კომპანიების მეშვეობით აშენება ჰქონდა გადაწყვეტილი. GoFundMe-ზე კამპანიის სანაცვლოდ მან კორპორაცია "ჩვენ ვაშენებთ კედელს" შექმნა და მხარდამჭერებს და დონორებს მოუწოდებს თანხა იქ გადარიცხონ. მისივე თქმით მათ, ვისაც ახალი გეგმა არ მოსწონს თანხას უკან დაუბრუნებს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მთავრობა უკვე 22 დღეა დახურულია, რაც ქვეყნის ისტორიაში მთავრობის დახურვის ყველაზე ხანგრძლივი შემთხვევაა. მიზეზი სწორედ სასაზღვრო კედელია. 

ტრამპი და დემოკრატიული პარტია, რომელიც ახალი მოწვევის წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებს ბიუჯეტში სასაზღვრო კედლის დაფინანსების საკითხზე ვერ თანხმდებიან. ტრამპი კედლის მშენებლობისათვის 5.7 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიუჯეტის ხელმოწერაზე უარს ამბობს.

პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიის ლიდერებს შეხვდა, თუმცა შეხვედრა მას შემდეგ დატოვა, რაც მათ კედლის მშენებლობის მხარდაჭერაზე კვლავ უარი თქვეს.

ტრამპის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით და ამგვარად სასაზღვრო კედლის კონგრესის გვერდის ავლით აშენებით დაიმუქრა, თუმცა ამ დრომდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისაგან თავს იკავებს. ამ დრომდე უხელფასოდ მუშაობს ან უხელფასო შვებულებაშია სახელმწიფო უწყებების 800,000-მდე თანამშრომელი.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი მასხულია

კომენტარები