ჩოგბურთი

ენდი მარის ბრძოლა ჩოგბურთში სექსიზმის წინააღმდეგ

ენდი მარი და ამელი მორესმო
The Independent

ბრიტანელმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი მარიმ თქვა, რომ შესაძლოა კარიერა მომდევნო კვირას ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონატზე დაასრულოს.

მარი ATP-ის რეიტინგის სათავეში 2016 წელს მოექცა, თუმცა მალევე ტრავმის გამო ტურნირებს გამოეთიშა. გასულ წელს მას ფეხზე ოპერაციის გაკეთებაც დასჭირდა. 31 წლის შოტლანდიელ ჩოგბურთელს კარიერის მანძილზე დიდი სლემის სამი ტურნირი აქვს მოგებული (უიმბლდონი 2013 და 2016 წლებში ხოლო ამერიკის ღია პირველობა 2012 წელს), აღებული აქვს ოქროს მედალი 2012 წლის ლონდონის და 2016 წლის რიოს ოლიმპიადებზე, ხოლო 2016 წელს 1936 წლის შემდეგ პირველად მოუპოვა დიდ ბრიტანეთს დეივისის თასი.

აღსანიშნავია, რომ კარიერის მანძილზე მარი არა მხოლოდ ტექნიკით და მიღწეული წარმატებებით გამოირჩეოდა. ის ქალებისათვის და ქალი ჩოგბურთელებისათვის თანაბარი უფლებებისთვისაც იბრძოდა და ხშირად ხმამაღალ განცხადებებსაც არ ერიდებოდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მარის მწვრთნელი მისი კარიერის ზენიტში ქალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი ამელი მორესმო იყო. ამის გამო როგორც მორესმოს, ასევე მარის აკრიტიკებდნენ, რასაც შოტლანდიელმა ჩოგბურთელმა ფრანგულ სპორტულ ჟურნალში სტატიით უპასუხა, რომელშიც საკუთარი თავი ფემინისტად გამოაცხადა.

მარი წერდა, რომ მისი ყოფილი კაცი მწვრთნელების მიმართ არასოდეს ყოფილა ისეთი კრიტიკა მისი წაგებული თამაშის შემდეგ, როგორიც ამელის მიმართ:

"ფემინისტი გავხდი? თუ ფემინისტობა იმისათვის ბრძოლას ნიშნავს, რომ ქალებსაც ისევე მოექცნენ, როგორც კაცებს, მაშინ დიახ, ვფიქრობ რომ გავხდი." დაწერა მან.

ენდი მარი და ამელი მორესმო
ფოტო: Getty Images

ამის შემდეგ, 2017 წელს მარიმ BBC-სთვის კიდევ ერთი სტატია დაწერა სპორტში გენდერულ თანასწორობაზე, რომელშიც ამბობს, რომ მორესმომ მას დაანახა ის წინააღმდეგობები, რასაც ქალები სპორტში ხშირად აწყდებიან. მისივე თქმით ხშირად აწყდებოდა წინააღმდეგობას და შეკითხვებს იმის გამო, რომ ქალი მწვრთნელი ჰყავდა, რაც კაცი ჩოგბურთელისათვის უჩვეულოა:

"ამელისთან იმიტომ ვმუშაობდი, რომ ის ამ საქმისათვის შესაფერისი იყო და ეს არ ყოფილა სქესის საკითხი. თუმცა ნათლად დავინახე, რომ მას არ ექცეოდნენ ისე, როგორც კაცებს ამავე სფეროში და ვიგრძენი, რომ ამაზე უნდა მესაუბრა." დაწერა მან.

მარი მუდმივად აქებდა ქალ სპორტსმენებს და ხაზს უსვამდა მათ მიღწევებს და მათ მიერ გაწეულ შრომას მაშინაც კი, როცა ეს სპორტულ ჟურნალისტებსაც კი ავიწყდებოდათ.

2016 წელს რიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლის აღების შემდეგ ჟურნალისტმა მას უთხრა:

"შენ პირველი ხარ, ვინც ჩოგბურთში ოლიმპიური ოქროს მედალი ორჯერ მოიპოვა." რაზეც მარიმ უპასუხა:

"ვფიქრობ სერენა და ვენუს უილიამსებს თითოს ოთხ-ოთხი მაინც აქვთ მოგებული."

2015 წელს ენდი მარიმ BBC-ს მისამართით აღშფოთებაც გამოხატა, რადგან კატრინა ჯონსონ-ტომპსონის მიერ ხუთჭიდში მოგებული ოქროს მედალი სპორტულ სიახლეებში მხოლოდ 22-ე ადგილე იყო და მას უფრო უმნიშვნელო სიახლეები უსწრებდა.

2016 წელს ინდიან უელსის აღმასრულებელი დირექტორის, რეიმონდ მურის კომენტარს ცხარე დებატები მოჰყვა. მან თქვა, რომ ქალები კაცი ჩოგბურთელებს ჩამორჩებიან და შესაბამისად ანაზღაურებაც ნაკლებია.

ამჟამად მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმაც თქვა, რომ კაცები უფრო დიდ საპრიზო ფონდს იმსახურებენ, თუმცა შემდეგ ამისათვის ბოდიში მოიხადა.

ენდი მარი მათ კომენტარებს გამოეხმაურა:

"ერთი რამ, რაც ნოვაკმა თქვა, არის ის, რომ თუ ქალები უფრო მეტ ბილეთს გაყიდიან, უფრო მეტი ფული უნდა მიიღონ. მაგრამ ასეთ ტურნირზე, თუ სერენა არის ცენტრალურ კორტზე და პარალელურად არის კაცების თამაში, სადაც სტრახოვსკი თამაშობს, ხალხი სერენას სანახავად მოვა. ხალხი ქალების თამაშის სახანავადაც მოდის. ეს მატჩების მიხედვით იცვლება." თქვა მან და აღნიშნა, რომ აუცილებელია, რომ ყველა ტურნირზე თანაბარი ანაზღაურება იყოს.

2017 წელს, როდესაც უიმბლდონზე მსოფლიოს პირველ ნომერ ქალ ჩოგბურთელს გარე კორტზე ათამაშეს მარიმ თქვა, რომ არასწორია, როდესაც უფრო მაღალი რანგის ქალ ჩოგბურთელს ნომერ მეორე კორტზე ათამაშებ, ხოლო უფრო დაბალი რანგის კაც ჩოგბურთელებს მთავარ კორტზე.

მარი გამოეხმაურა 2018 წელს ადა ჰეგერბერგისათვის ოქროს ბურთის გადაცემის დროს მომხდარ ინციდენტსაც:

"კიდევ ერთი მაგალითი სექსიზმისა, რომელიც სპორტში კვლავ არსებობს. რატომ უწევთ ქალებს კვლავ ამასთან გამკლავება? მთელი ცხოვრებაა სპორტში ვარ ჩართული და სექსიზმის დონე არარეალურია." თქვა მან.

მარი აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდა გოგონების სპორტში ჩართვის წახალისებით:

"ძალიან მინდა მეტი ქალი ჩაერთოს სპორტში, მიეცეთ მეტი შესაძლებლობა. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ასეთ თემებზე არ ვფიქრობდი, მაგრამ შემდეგ ეს საკუთარი თვალით ვნახე და გასაოცარია რამდენად ცოტა ქალი მწვრთნელია ამ სპორტში." თქვა მან.

ენდი მარი
ფოტო: Sky sport

მარიმ კარიერის დარსულების შესახებ მიმდინარე კვირას მელბურნში პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ცრემლები ვერ შეიკავა:

"მსურდა უიმბლდონამდე მივსულიყავი და შემდეგ დამესრულებინა კარიერა, თუმცა არ ვიცი, შევძლებ თუ არა ამას. არ ვიცი შევძლებ თუ არა ამ ტკივილის მიუხედავად კიდევ 5 თვე ვითამაშო. უკანასკნელი 20 თვეა ძლიერ ტკივილებს განვიცდი. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, მაგრამ შვება არ არის. ახლა უკეთ ვარ, ვიდრე 6 თვის წინ, მაგრამ ტკივილი მაინც ძლიერია. რაღაც დონეზე თამაში კვლავ შემიძლია, მაგრამ არა ისე, როგორც ვთამაშობდი." თქვა მან.

მიუხედავად ამისა ენდი მარი მომდევნო კვირას პირველ შეხვედრას მსოფლიოს 22-ე ნომერთან, ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტთან გამართავს.

BBC სპორტთან საუბაში მან თქვა, რომ შესაძლოა მეორე ოპერაცია გაკითოს, თუმცა კვლავ დაუბრუნდება თუ არა თამაშს უცნობია.

"ათლეტებს გაუკეთებიათ მსგავსი ოპერაციები და დაბრუნებულან სათამაშოდ - მაგრამ არა ჩოგბურთში." თქვა მან. მარი უფროს ძმასთან, ასევე ჩოგბურთელ ჯეიმი მარისთან ერთად კვლავ წყვილში თამაშსაც გამორიცხავს.

კომენტარები