სიტყვის თავისუფლება

NGO-ები: კანონით გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის გაუარესება დემოკრატიას შეუქმნის საფრთხეს

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ცილისწამებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

მედიის თავისუფლებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

"2019 წლის დასაწყისში მაღალი თანამდებობის პირებმა არა ერთი განცხადება გააკეთეს ცილისწამებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის ღირსების მეტ დაცულობასაც უზრუნველყოფს და სიტყვის თავისუფლებასაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ უნდა დაიწყოს მსჯელობა არა მხოლოდ ცილისწამების, არამედ მძიმე შეურაცხყოფისა და გახშირებული ბილწისტყვაობის პრობლემის მოგვარებაზე.

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ მოქმედი კანონი "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" უკვე მრავალი წელია ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას როგორც კერძო, ისე საჯარო პირის ცილისწამებისთვის. შესაბამისად, პატივისა და ღირსების შელახვის გამო ნებისმიერ პირს დღესაც შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს შელახული უფლებების სასამართლო წესით დაცვა.

ვფიქრობთ, საზოგადოებამ უნდა მიიღოს მკაფიო განმარტებები იმის შესახებ, თუ რა იგულისხმებოდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებში.

ჩვენი საზოგადოების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია ის, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს აწესებს და ეს ყოველთვის მიიჩნეოდა ქართული დემოკრატიის დიდ მონაპოვრად.

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას",- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" წევრები არიან:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • მედიაკლუბი
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"
  • საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
  • არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოებისათვის"
  • ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • სატელევიზიო ქსელი 
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია 
  • მედიის მხარდაჭერის ფონდი

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა ცილისწამების კანონის საჭიროების საკითხი მეორედ დააყენა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ თემაზე აუცილებელია ფართო დისკუსიები. მისივე თქმით, ცილისწამების შესახებ კანონი არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში სიტყვის თავისუფლებასთან.

პირველი განცხადება ამ თემაზე პრეზიდენტმა საახალწლო მილოცვის დროს გააკეთა. მისი თქმით, "ყველა გამოცდას თან ახლავს ცხოვრებისეული გაკვეთილი. იმისათვის, რომ ხვალ ვინც ამ გზას დაადგება, აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც, ისე, როგორც ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. ასევე, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციებისა და დეზინფორმაციისაგან, რათა საზოგადოებამ დაიბრუნოს სიმშვიდე და საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიას".

ამის შემდეგ, ცილისწამებაზე საშობაო ეპისტოლეში ისაუბრა საქართველოს პატრიარქმა. მისი თქმით, "არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისაც". ილია მეორის აზრით, სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, "მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა". პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში წერია, რომ "დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, - გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, - ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს". 

საქართველოს პატრიარქის ამ თემაზე ყურადღების გამახვილებისთვის მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, "სიტყვით ძალადობა", ცილისწამება, სიცრუე და ბილწსიტყვაობა ძალიან სერიოზული პრობლემაა. გუშინ, 12 იანვარს კი პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ "აქ საუბარია არა მარტო ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე, რაც ისმის ყოველდღიურად, როგორც სატელევიზიო სივრცეში, სოციალურ ქსელებში, ასევე სხვა ფორმით და ბილწსიტყვაობაც კი გახდა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, სამწუხაროდ, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ქართულ კულტურას, ჩვენი საზოგადოების კულტურას".

ცნობისთვის, საქართველოს კანონმდებლობაში ცილისწამება 2004 წლამდე არსებობდა. თუმცა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ახალი კანონით ქვეყანა გამოხატვის თავისუფლების უფრო მაღალ სტანდარტზე გადავიდა და ეს ცნება ამოიღო. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ ცილისწამება საერთოდ არ არის დასჯადი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით ყველას შეუძლია იჩივლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.

კომენტარები