აშშ-გერმანია

გერმანიაში აშშ-ის ელჩი NordStream2-ზე მომუშავე გერმანულ ფირმებს სანქციებით ემუქრება

რიჩარდ გრენელი და ანგელა მერკელი
Reuters

გერმანიაში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ გრენელმა ნორდსტრიმის მეორე გაზსადენის პროექტზე მომუშავე გერმანულ ფირმებს წერილები გაუგზავნა, რომელშიც მათთვის სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ გააფრთხილა.

ამის შესახებ ინფორმაცია გერმანულ მედიაში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით წერილში გრენელი კომპანიებს სანქციების რისკის შესახებ აფრთხილებს, თუ ისინი პროექტზე მუშაობას არ შეწყვეტენ.

"ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ რუსული ენერგიის ექსპორტში ჩართული კომპანიები მონაწილეობენ იმაში, რაც მათთვის სანქციების დაწესების სერიოზული რისკის შემცველია." ნათქვამია წერილში.

გრემელის სპიკერი ამბობს, რომ წერილი მუქარა არაა და ის აშშ-ის პოლიტიკის შესახებ ნათელი მესიჯის გაგზავნას ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და გერმანიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტზე, რომელიც უკვე არსებულ Nord Stream-ის გაზსადენის პროექტს გააფართოვებს და ბალტიის ზღვის მეშვეობით ბუნებრივ აირს რუსეთიდან გერმანიას უკრაინაში გამავალი უკვე არსებული გაზსადენების გვერდის ავლით მიაწოდებს. გაზსადენის პროექტს აშშ, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები აკრიტიკებენ.

გასულ წელს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას ტრამპმა ენერგოუსაფრთხოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ მომწოდებელზე დამოკიდებულება ქვეყანას ასუსტებს.

"ამიტომ ვულოცავთ პოლონეთის მსგავს ქვეყნებს, რომლებიც ბალტიის გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ, რათა რუსეთზე არ იყვნენ დამოკიდებული. გერმანია სრულად იქნება რუსეთზე ენერგოდამოკიდებული, თუ კურსს არ შეცვლის." თქვა მან.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით ოფიციალური ვაშინგტონი პროექტს იმიტომ აკრიტიკებს, რომ საკუთარი ბუნებრივი აირის ექსპორტის ხელშეწყობა სურს.

კომენტარები