ასტრონომია

"ირმის ნახტომი" მეზობელ გალაქტიკას იმაზე მალე შეეჯახება, ვიდრე ვარაუდობდნენ

Wikipedia

ასტრონომებს მიაჩნდათ, რომ ჩვენი გალაქტიკა მეზობელ ანდრომედას გალაქტიკას 8 მილიარდი წლის შემდეგ შეეჯახებოდა, თუმცა ახალი კვლევის მიხედვით შეჯახება უფრო მალე სხვა გალაქტიკასთან მოხდება.

Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით ირმის ნახტომის გალაქტიკა 2 მილიარდ წელიწადში მაგელანის დიდ ნისლეულს შეეჯახება.

მაგელანის დიდი ნისლეული ირმის ნახტომის თანამგზავრი გალაქტიკაა, რომელიც ირმის ნახტომის გარშემო ბრუნავს. ირმის ნახტომის თანამგზავრ გალაქტიკებს შორის ის ყველაზე დიდია და 14 000 სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული. ამჟამად ის ჩვენი გალაქტიკის ცენტრიდან 163 000 სინათლის წლითაა დაშორებული.

მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ის გრძელ ორბიტას შეინარჩუნებდა და საბოლოოდ ირმის ნახტომის გალაქტიკას დაშორდებოდა, თუმცა ახალი დაკვირვება აჩვენებს, რომ მისი მასა მოსალოდნელს ბევრად აღემატება და ამის გამო ნისლეული ენერგიას კარგავს, რაც საბოლოოდ ირმის ნახტომთან შეჯახებას გამოიწვევს.

შეჯახებამ შესაძლოა მზის სისტემა გალაქტიკას მოწყვიტოს და ვარსკვლავთშორის სივრცეში გატყორცნოს.

კვლევის ავტორების თქმით გალაქტიკების შეჯახება უჩვეულო მოვლენა არაა და ირმის ნახტომის გალაქტიკა თავისი არსებობის მანძილზე რამდენიმე პატარა გალაქტიკას დაჯახებია და შეუერთებია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მაგელანის დიდი ნისლეული მათ შორის ყველაზე დიდი იქნება.

კომენტარები