სიტყვის თავისუფლება

თალაკვაძე: ცილისწამების შესახებ კანონზე საუბარი საფუძველს მოკლებული არ არის

0 კომენტარი
ფოტო: ipn

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ცილისწამების შესახებ კანონზე საუბრის დაწყება საფუძველს მოკლებული არ არის, ვინაიდან, მისი თქმით, აუცილებელია, მმართველი გუნდი სიძულვილის ენას წინ აღუდგეს. 

"დისკუსიის დაწყება ჩვენს საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, წინ აღვუდგეთ ცრუ ინფორმაციას, როგორ შეიძლება წინ აღვუდგეთ იმ სიძულვილის ენას, რომელიც ვნახეთ, თუნდაც ბოლო არჩევნების დროს, თუმცა მას შემდეგაც არ შემწყდარა ეს ნაკადი, ვფიქრობ, აქტუალურია. არ შეიძლება ვთქვათ, რომ საფუძველს მოკლებულია ამ დისკუსიის დაწყება.

რაც შეეხება საკანონმდებლო რეგულაციებს, ჯერ ძალიან ადრეა კონკრეტულ რეგულაციაზე საუბარი. მაგრამ მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ საფრანგეთმა მიიღო ახალი კანონი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე. ჩვენ დეტალურად გავეცნობით ამ კანონს, სავარაუდოდ, გვექნება სამუშაო შეხვედრები მათ ავტორებთანაც და ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ის გადაწყვეტილებები, რომელიც მომავალში შესაძლოა იყოს მიღებული, იქნება განხილული იმ ჭრილში, რომ გამოხატვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დარჩეს მაღალ სტანდარტზე, როგორიც იყო აქამდე", - თქვა არჩილ თალაკვაძემ რუსთავი 2-თან. 

ცილისწამების შესახებ კანონზე საუბარი რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ამაზე სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვისას ისაუბრა. მან თქვა, რომ "ყველა გამოცდას თან ახლავს ცხოვრებისეული გაკვეთილი. იმისათვის, რომ ხვალ ვინც ამ გზას დაადგება, აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც, ისე, როგორც ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. ასევე, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციებისა და დეზინფორმაციისაგან, რათა საზოგადოებამ დაიბრუნოს სიმშვიდე და საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიას".

ასევე, საშობაო ეპისტოლეში პატრიარქმა ილია მეორემ მიუთითა: 

არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისაც". ილია მეორის აზრით, სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, "მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა". პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში წერია, რომ "დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, - გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, - ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს". 

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით კი, "სიტყვით ძალადობა, ცილისწამება, სიცრუე და ბილწსიტყვაობა ძალიან სერიოზული პრობლემაა". 

ამ განცხადებების გამო არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის გაუარესება დემოკრატიას საფრთხეს შეუქმნის. 

გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მოქმედმა ხელისუფლებამ წარსულშიც გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. ამის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები