სიტყვის თავისუფლება

რა წერია ფრანგულ კანონში, რომელზე დაყრდნობითაც მთავრობა "ცილისწამების შეზღუდვას" გეგმავს

მმართველი გუნდი უკვე რამდენიმე კვირაა, ცილისწამების აღკვეთის აუცილებლობაზე საუბრობს. 

ამაზე ისაუბრა პრეზიდენტმა საახალწლო მიმართვისას, პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში იქადაგა, პარლამენტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ "სიტყვით ძალადობა, ცილისწამება, სიცრუე და ბილწსიტყვაობა ძალიან სერიოზული პრობლემაა". 

ზურაბიშვილი თავისი მოსაზრების წარმოდგენისას საფრანგეთში მიღებულ მსგავს კანონს დაეყრდნო, დეპუტატების თქმით კი, მალე ამ ქვეყანაში ამ საკითხზე კონსულტაციებიც დაიწყება. 

ირაკლი კობახიძე 2-დღიანი ვიზიტით პარიზში უკვე გაემგზავრა.

რა წერია საფრანგეთის კანონში "ინფორმაციულ მანიპულაციასთან ბრძოლის შესახებ"

2018 წლის 20 ნოემბერს საფრანგეთმა მიიღო კანონი, რომელიც მოსამართლეებს ანიჭებს უფლებას, საარჩევნო პერიოდში სოციალურ ქსელებში ყალბი ახალი ამბების (დეზინფორმაციის) დაუყოვნებლივ წაშლის ნებართვა გამოსცეს. 

მიღებამდე კანონი საფრანგეთის პარლამენტის სენატმა ორჯერ ჩააგდო, თუმცა, საბოლოოდ მისი დამტკიცება მაინც მოხერხდა. 

კანონი მიზნად ისახავს ყალბი ამბების ფართომასშტაბიანი გავრცელების აღკვეთას ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით.

განსაკუთრებული ყურადღება არჩევნებს ეთმობა - წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდს, რათა მოხდეს ხელმისაწვდომი საშუალებების მიმართვა რეალურ საფრთხეზე, კერძოდ, არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობებზე (ისევე, როგორც ეს მოხდა აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს). 

საარჩევნო პერიოდში გათვალისწინებულია შემდეგი ზომები: 

  • გამჭვირვალობის ვალდებულება ციფრული პლატფორმებისათვის, რაც გულისხმობს სარეკლამო მასალის დამკვეთის და მიღებული თანხის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას. 
  • ასევე, მედია პლატფორმებს უნდა ჰყავდეთ იურისტი და გამოაქვეყნონ თავიანთ ალგორითმი. 

კანონში წერია, რომ სამართლებრივი სანქციის შექმნა საშუალებას იძლევა, სწრაფად აღიკვეთოს ყალბი ამბების გავრცელება. მოსამართლე მას ყალბი ახალი ამბის კვალიფიკაციას მისცემს, როგორც ეს განსაზღვრულია 1881 წლის პრესის თავისუფლების შესახებ კანონში. 

​ყალბი ახალი ამბის კლასიფიკაცია ასეთია: 

  • ყალბი ახალი ამბავი უნდა იყოს აშკარა
  • უნდა იყოს განზრახ მასშტაბურად გავრცელებული 
  • გამოიწვიოს არჩევნების ჩაშლა ან გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე. 

არჩევნებს შორის კი კანონი ავალდებულებს მედია პლატფორმებს, შეიმუშავონ და საჯაროდ წარმოადგინონ ყალბ სიახლეებთან ბრძოლის ზომები. 

საფრანგეთის მარეგულირებელ უწყებას აქ უფლება, შეწყვიტოს ან შეაჩეროს მაუწყებლობა, რომელიც უცხო ქვეყნას ეკუთვნის ან მათზე გავლენა აქვს, თუ ისინი აზიანებენ ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს.

საქართველოში მოქმედი არასამთვრობო ორგანიზაციები ცილისწამების კრიმინალიზების ინიციატივაში ხედავენ საფრთხეს რომელიც შესაძლოა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას დაემუქროს. მათი შეფასებით, "ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას". 

კომენტარები