საქართველოს ვარსკვლავი

"გაურკვევლობაში ვარ, არ ვიცი მიზეზი" - ტრანსგენდერი ქალი "საქართველოს ვარსკვლავს" გამოეთიშა

ტრანსგენდერი ქალი ანასტასია პირველი, მუსიკალურ კონკურსს "საქართველოს ვარსკვლავს" გამოეთიშა. ქალმა შესარჩევ ტურში ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა და "ოქროს ბილეთიც" მიიღო. თუმცა, როგორც ანასტასია ტაბულასთან საუბარში ამბობს, გაურკვეველი მიზეზების გამო, მას უთხრეს, რომ პროექტში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

"ეს ჩემთვის მტკივნეული თემაა. გაურკვეველ ვითარებაში ვარ. არ ვიცი მიზეზი, რა გავაფუჭე, რა დავაშავე... აქამდე არაერთი პროექტიდან მიმიღია შემოთავაზება და უარს ვამბობდი. სულ მინდოდა სწორად მიეწოდებინათ ჩემი თავი მაყურებლისთვის. თუ როგორი ადამიანი ვარ, რა მინდა და ა.შ. 

"საქართველოს ვარსკვლავიდან" რამდენჯერმე დამიკავშირდნენ. ვუთხარი რომ ამისთვის მზად არ ვიყავი და შოუში ჩემი მონაწილეობა, ძალიან ბევრ რისკთან იყო დაკავშირებული. არ მინდოდა რეკლამის სახით ვყოფილიყავი პროექტში. უბრალოდ სიმღერა მინდოდა. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო. ეს მთელი ჩემი ცხოვრების ნაბიჯი იყო",- აღნიშნავს ანასტასია. 

ანასტასია ამბობს, რომ პროდიუსერების მოთხოვნა იყო პირველ ტურში მისი ნამღერი საშუალოდ შესრულებული ყოფილიყო, რადგან პროდიუსერების თქმით, შემდეგ ტურში მისი გამოსვლა უფრო ეფექტური იქნებოდა.

მისი თქმით, პროდიუსერებთან კაბაზე, სიმღერაზე და სხვა დეტალებზე წინასწარი მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თუმცა, ანასტასიას მეორე ტურის ჩაწერის დროს, არ დაურეკეს. 

"პროდიუსერმა მითხრა, დაავიწყდა ეთქვა, რომ პროექტში აღარ ვმონაწილეობ",- ამბობს ანასტასია.

ანასტასია ტაბულასთან საუბარში აღნიშნავს, რომ მისი წყაროს ინფორმაციით, ის მის შესახებ რეპორტაჟის გადაღების დროს უკვე პროექტიდან მოხსნილი იყო. მიზეზებზე თავისი მოსაზრება და ინფორმაცია აქვს, თუმცა ამაზე არ საუბრობს. 

"მინდოდა მაყურებლისთვის მემღერა და მას გადაეწყვიტა ვიყავი თუ არა ამ პროექტში მონაწილეობის ღირსი",- ამბობს ის. 

ლგბტ აქტივისტი გიორგი თაბაგარის თქმით, ჟიურის გადაწყვეტილება მისთვის გაუგებარია და "საქართველოს ვარსკვლავს" მოუწოდებს, გადაწყვეტილებას გადახედოს და ტრანსგენდერი ქალი შოუში დააბრუნოს. 

მისივე თქმით, ის გეგმავს ამ საკითხზე ევროვიზიას დაუკავშირდეს. 

"ამ მონაწილეს ჰქონდა უდიდესი პოტენციალი უმნიშვნელოვანი სოციალური ცვლილებები მოეხდინა ქვეყანაში და საზმაუმ ეს ყველაფერი სამწუხაროდ ვერ გაიაზრა. იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცამ 'ზემოთ' პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო მისი კონკურსიდან ჩახსნის შესახებ. მოკლედ არ ვიცი ზუსტად რა მოხდა, მაგრამ რაც ნამდვილად ვიცი, არის ის რომ საზმაუმ პროცესი წარმართა ძალიან არასწორად. ასეთი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ როგორც მინიმუმ არის არასწორი, არაეთიკური და იმ ინტერესების საწინააღმდეგო, რასაც უნდა ემსახურებოდეს წესით საზოგადოებრივი მაუწყებელი."- წერს თაბაგარი facebook-ზე.

დღეს "საქართველოს ვარსკვლავმა" განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ კასტინგის პირველ ეტაპზე ჟიურისგან დადებითი შეფასება მიიღო 48 კონკურსანტმა, მეორე ტურში კი 22 მათგანი გადავიდა. საბოლოოდ კი ათი ფინალისტი აირჩიეს. 

"პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ჟიურის მიერ ხდება "ოქროს ბილეთის" მფლობელი კონკურსანტების კიდევ ერთხელ შეფასება, რომელიც ეთერში გადის ე.წ. "განხილვის" სახით. ფორმატით გათვალისწინებული ოფიციალური წესების მიხედვით და მონაწილეების მუსიკალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჟიური არჩევს მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს",- ნათქვამია "საქართველოს ვარსკვლავის" განცხადებაში. 

 

 

კომენტარები