უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

მოსამართლეების შერჩევა - ჯანეზაშვილი და დოლიძე პარლამენტს ინიციატივით მიმართავენ

რუსთავი 2

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენასთან დაკავშირებით პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ. ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე მიიჩნევენ, რომ საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატურების წარდგენაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცედურა სამართლებრივად უნდა იყოს რეგულირებული და უნდა იცავდეს სამართლებრივი განჭვრეტადობის, ეფექტიანობის, სასამართლო დამოუკიდებლობისა და სხვა ძირითად პრინციპებს.

საბჭოს არამოსამართლე წევრების მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული საკანონმდებლო წინადადება ხუთ ძირითად პრინციპს მოიცავს.

საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა

ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ამბობენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევად საკონსულტაციო ჯგუფი შექმნას.

მათი განმარტებით, საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობაში 7 წევრი უნდა იყოს და ისინი შეირჩევიან შემდეგი წესით: საქართველოს უზენაესი სასამართლო თავისი შემადგენლობიდან წარადგენს 2 წევრს; საქართველოს სახალხო დამცველი - 2 წევრს; საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია - 2 წევრს; საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გაერთიანება, რომლის წევრთა საქმიანობის ერთ-ერთი სფეროს, კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 3 წლის განმავლობაში, სასამართლო სისტემის რეფორმების ხელშეწყობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგი წარმოადგენს - 1 წევრს;

"საკონსულტაციო ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს დასკვნას კანდიდატთა შესახებ. საკონსულტაციო ჯგუფის დასკვნა არის სარეკომენდაციო ხასიათის.

კანდიდატების შერჩევის პროცედურაში დამატებითი რგოლის, საკონსულტაციო ჯგუფის შემოტანით მინიმუმამდე არის დაყვანილი პროცესის არაკეთილსინდისიერად და სუბიექტურად წარმართვის შესაძლებლობა", - აღნიშნავენ საკანონმდებლო წინადადების ავტორები.

კონკურსის გამოცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის მიზნით

ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის ინიციატივის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევად იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს კონკურსს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით. კონკურსი ცხადდება ერთ ან რამდენიმე ვაკანტურ ადგილზე კონკრეტული სპეციალიზაციების (სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი) მიხედვით.

ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება

ჯანეზაშვილდა და დოლიძეს მიაჩნიათ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი.

"პროექტის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება, რაც თავის მხრივ კანდიდატთა შერჩევის პროცესის სანდოობისაკენ არის მიმართული.

პროცესის მიუკერძოებლად წარმართვის მიზნით საბჭოს მოქმედ წევრს არ უნდა ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი", - აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში.

გასაუბრების ღიად ჩატარება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების აზრით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრება საჯაროდ უნდა ჩატარდეს. საკანონმდებლო წინადადებაში წერია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭომ უნდა უზრუნველყოს გასაუბრების ტრანსლაცია საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. ამავე ჩანაწერის მიხედვით, საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს უფლება აქვთ დაესწრონ კანდიდატთან გასაუბრების პროცესს და დაუსვან მას შეკითხვა.

გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღება

ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის საკანონმდებლო წინადადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭომ საქართველოს პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება კონსენსუსით, ღია სხდომაზე უნდა მიიღოს.

"კონსენსუსი ყველაზე კარგ საშუალებას წარმოადგენს, რათა მიღწეულ იქნას შეთანხმება ისეთ კანდიდატზე, რომელიც ობიექტურად დააკმაყოფილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მაღალ პროფესიულ და მორალურ სტანდარტს", - აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში.

----

12 იანვარს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია განახლდება. ამ კრიტერიუმების პროცედურების და კრიტერიუმების გავლა მოუწევთ არსებული სიის წევრებსაც.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თქმით, მას ჰქონდა საუბარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან და მათი პოზიციაა, რომ კრიტერიუმებს, რომელიც შემუშავდება, "დაექვემდებარება თითოეული მათგანი".

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევს.

სიას მოწინააღმდეგეები ჰყავს ქართულ ოცნებაშიც, მათ შორის არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. სწორედ ეს სახელდება მმათველ გუნდში ბოლოდროინდელი დაპირისპირების ოფიციალურ მიზეზად. 

კომენტარები