უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

"ევროპული საქართველო" ნაზი ჯანეზაშვილთან და ანა დოლიძესთან თანამშრომლობას აპირებს

"ევროპული საქართველო" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან თანამშრომლობას აპირებს. ასე გამოეხმაურა პარტიის დეპუტატი, ოთარ კახიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მიერ მომზადებულ საკანონდებლო პაკეტს.

"ევროპული საქართველო" აქტიურად ითანამშრომლებს ნაზი ჯანეზაშვილთან, ვინაიდან ეს არის პარლამენტიდან არჩეული იუსტიციის საბჭოს ის წევრი, რომელსაც მხარი დავუჭირეთ. გვიხარია, რომ ის აქტიურად იბრძვის მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ ინიციატივებს, "ევროპულ საქართველოს" აქვს თავის წინადადებათა პაკეტი, თუ რა კრიტერიუმები უნდა განისაზღვროს იმ კანდიდატისთვის, ვისაც სურს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების წინადადებებს, მე ვიცნობ პროექტს, რომელიც მათ საბჭოსთვის ჰქონდათ მომზადებული. გავეცნობი პროექტს, რომელიც უკვე საკანონმდებლო ცვლილებებს ეხება და ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ მათთან", - ამბობს კახიძე.

მისივე თქმით, "ევროპული საქართველო" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად მოსაზრებებსა და კრიტერიუმებს, რომლებიც მათი აზრით, კანონში უნდა აისახოს, უახლოეს მომავალში წარადგენს.

"უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს მოსაზრებებს, ჩვენს კრიტერიუმებს, რასაც ვთვლით, რომ აუცილებლად უნდა აისახოს კანონმდებლობაში. ამავე დროს, ვითანამშრომლებთ არა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან, არამედ არასამთავრობო სექტორთან და სახალხო დამცველთან, რათა საზოგადოებამ მიიღოს უკეთესი სასამართლო სისტემა.

ერთ-ერთი კრიტერიუმი შემიძლია მაგალითად მოგიყვანოთ, თუ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომელიც ეხება რომელიმე მოსამართლეს, ის ვერ უნდა გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და ობიექტური კრიტერიუმი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ საზოგადოებას", - თქვა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენასთან დაკავშირებით პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ. ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე მიიჩნევენ, რომ საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატურების წარდგენაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცედურა სამართლებრივად უნდა იყოს რეგულირებული და უნდა იცავდეს სამართლებრივი განჭვრეტადობის, ეფექტიანობის, სასამართლო დამოუკიდებლობისა და სხვა ძირითად პრინციპებს.

საბჭოს არამოსამართლე წევრების მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული საკანონმდებლო წინადადება ხუთ ძირითად პრინციპს მოიცავს - ​საკონსულტაციო​ ჯგუფის შექმნა, კონკურსის გამოცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის მიზნით, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება, გასაუბრების ღიად ჩატარება და გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღება.

ცნობისთვის, 12 იანვარს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია განახლდება. ამ კრიტერიუმების პროცედურების და კრიტერიუმების გავლა მოუწევთ არსებული სიის წევრებსაც.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თქმით, მას ჰქონდა საუბარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან და მათი პოზიციაა, რომ კრიტერიუმებს, რომელიც შემუშავდება, "დაექვემდებარება თითოეული მათგანი".

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევს.

სიას მოწინააღმდეგეები ჰყავს ქართულ ოცნებაშიც, მათ შორის არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. სწორედ ეს სახელდება მმართველ გუნდში ბოლოდროინდელი დაპირისპირების ოფიციალურ მიზეზად. 

კომენტარები