ჯვრის მონასტერი

წინამძღოლის გადაწყვეტილებით, მე-2 დღეა, ჯვრის მონასტერი გარევაჭრობის გამო დაკეტილია

ჯვრის მონასტერი ტურისტებისთვის მეორე დღეა, ჩაკეტილია. აქ არც ქართველ და არც უცხოელ მომლოცველებს და დამთვალიერებლებს უშვებენ.

გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღოლმა, კონსტანტინე ჯინჭარაულმა ერთპიროვნულად მიიღო. 

მიზეზად მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე გარევაჭრობა დასახელდა. მონასტრის წინამძღოლის გადაწყვეტილებით, კარი არ გაიღება, სანამ გარემოვაჭრეები ტერიტორიას არ დატოვებენ. 

ერთ-ერთი მოვაჭრე, ხარება ოშკაძე რუსთავი 2-თან ამბობს, რომ სასულიერო პირს ვაჭრობა აქ თავად სურს. 

"მორჩილები არიან იქ, მამაოსთან და მაგათ მითხრეს, თქვენ რომ ფულს შოულობთ, ჩვენც ვიშოვითო. არც ერთი მოვაჭრე აქედან წამსვლელები არ ვართ". 

მცხეთის მერმა, გიორგი კაპანაძემ რუსთავი 2-თან თქვა, რომ გარემოვაჭრეები გზის სავალ ნაწილს ხელს არ უშლიან, ამიტომ მათ ტერიტორიას იძულებით ვერ დაატოვებინებს

"ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა სატელეფონო საუბარი, როდესაც მან [წინამძღოლმა] მითხრა, რომ ჯვრის მონასტერს დაკეტავდნენ. მე ვუთხარი, რომ ეს არ არის მთლად კარგი იდეა, თუმცა, მე ვერც ჯვრის მონასტრის გაღებას ვერ ავუკრძალავ წინამძღვარს და ვერც დახურვას". 

კაპანაძემ ჟურნალისტებთან დღეს თქვა, რომ წინამძღოლს, იღუმენ ჯინჭარაულს მონასტრის გაღება კვლავ არ სურს. მისივე თქმით, საქმეში საპატრიარქო ჩარეულია და მონასტერი ალბათ მალე გაიხსნება. 

საპატრიარქოში ტაბულას ზარებს ორი დღეა, არ პასუხობენ. 

კომენტარები