ლგბტ უფლებები

ლგბტ თემის წინააღმდეგ "სპეცდანიშნულების ჯგუფის" ჩამოყალიბებაზე გამოძიება დაიწყო

agora.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც Facebook-ზე ლგბტ თემის წინააღმდეგ "სპეცდანიშნულების ჯგუფის ჩამოყალიბება" დააანონსა, გამოძიება დაიწყო. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებას გულისხმობს.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, 239-ე პრიმა მუხლი გულისხმობს:

"რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე.

2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით."

კომენტარები