თბილისის მერია

"ქარშეარინგი" - კალაძის ახალი ინიციატივა

კახა კალაძე

კახა კალაძე ახალ ინიციატივას აანონსებს - car sharing - მანქანების გაზიარება. 

თბილისის მერმა ამის შესახებ ფეისბუქ ლაივისას ისაუბრა. კალაძე ინტერნეტის მომხმარებლებს რესპუბლიკის მოედნიდან ჩაერთო. 

"ყველა ევროპულ ქალაქში არის ე.წ. Car sharing, ანუ ხდება ავტომობილების გაზიარება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აიყვანოს ავტომობილი, რომელიც არის გაჩერებული სხვადასხვა ლოკაციაზე, გადაიხადოს გარკვეული თანხა და მთელი დღის განმავლობაში ან რამდენი ხნითაც მოესურვება, ისარგებლოს. 

ასეთი პროექტის განხორციელება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გვქონდა საუბარი სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენელთან. ერთი ბიზნესჯგუფი, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით, მალე წარმოადგენს მას. 

ყველა ავტომობილი იქნება ელექტრო.

ქალაქში ძალიან მალე 300 ავტომობილი იქნება ჩამოყვანილი და განთავსდება სხვადასხვა ლოკაციაზე.

თითოეულ თბილისელს, ვინც დარეგისტრირდება პროგრამაში, გადმოიწერს აპლიკაციას, ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს ავტომობილი. ფასი იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. პირველ ეტაპზე თბილისში სამი ტიპის ავტომობილი იქნება NISSAN LEAF, RENO, SMART. დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა ქალაქში გაიზრდება და თბილისის ყველა რაიონში, ყველა უბანში განთავსდება", - თქვა კალაძემ.

კალაძის თქმით, სერვისით სარგებლობა აპლიკაციით იქნებოდა შესაძლებელი. 

"სპეციალური აპლიკაცია აჩვენებს, სად მდებარეობს მანქანა, შეგეძლებათ ამავე აპლიკაციით დაარეზერვოთ და აპლიკაციის მეშვეობითვე გხსნათ ავტომობილის კარი, დაქოქოთ ავტომობილი გასაღების გარეშე, ასევე, აპლიკაციის მეშვეობით გაიგებთ რამდენი ხანი შეგეძლებათ ავტომობილით სარგებლობა და რამდენი პროცენტით არის მისი ბატარეა დამუხტული. ავტომობილის გამოყენების შემდეგ მისი დატოვება თბილისში ნებისმიერ ადგილზე შეგეძლებათ". 

კომენტარები