საპატრიარქო: გვესმის რომ ხალხს უჭირს, მაგრამ უხერხულია მოუწესრიგებლობა

საქართველოს საპატრიარქო

ჯვრის მონასტრის დაკეტვასთან დაკავშირებით საქართელოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე ირკვევა, თუ რატომ არის, უკვე მეორე დღე, მონასტერი დაკეტილი. საპატრიარქოში ამის მიზეზად ტაძრის ეზოში მყოფ გარემოვაჭრეებს ასახელებენ.

"როგორც ცნობილია, ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით ამჟამად შექმნილი ვითარება გარე-მოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯია. სამწუხაროდ, არასახარბიელო მდგომარეობაა სულიერ-კულტურული მნიშვნელობის სხვა ძეგლებთანაც.

ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი.

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს ხელისუფლებას, და, პირველ რიგში, კულტურის სამინისტროს, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივილური სახე მიეცეს გარემოვაჭრეთა საქმიანობას", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ჯვრის მონასტერი ტურისტებისთვის მეორე დღეა, ჩაკეტილია. აქ არც ქართველ და არც უცხოელ მომლოცველებს და დამთვალიერებლებს უშვებენ.

გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღოლმა, კონსტანტინე ჯინჭარაულმა ერთპიროვნულად მიიღო. 

მიზეზად მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე გარევაჭრობა დასახელდა. მონასტრის წინამძღოლის გადაწყვეტილებით, კარი არ გაიღება, სანამ გარემოვაჭრეები ტერიტორიას არ დატოვებენ. 

ერთ-ერთი მოვაჭრე, ხარება ოშკაძე რუსთავი 2-თან ამბობს, რომ სასულიერო პირს ვაჭრობა აქ თავად სურს.

კომენტარები