კრიმინალი

ვერაზე მანქანის დაცხრილვა - დააკავეს პირი, ვინც კაცს მანქანიდან ესროლა, ის თავადაც დაჭრილია

flickr

ვერაზე მანქანის დაცხრილვის საქმეზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. 1989 წელს დაბადებულ გ. ა-ს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო 1986 წელს დაბადებული კ.ჯ-ს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. 

შსს-ს ცნობით, გუშინ, 15 იანვარს, თბილისში, გ.ა.-მ, რომელიც ავტომანქანით გადაადგილდებოდა, 1988 წელს დაბადებული ზ.კ. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, დაჭრილის დაცხრილული მანქანა დაგორდა და სხვა მანქანას შეეჯახა.

"ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გ.ა. დააკავა. გ.ა საავადმყოფოშია მოთავსებული, რომელიც სამართალდამცველებთან მისი დაჭრის ფაქტზე არ თანამშრომლობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მის დაჭრასთან დაკავშირებით, დამნაშავის იდენტიფიცირების და დაკავების მიზნით , საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. პოლიციამ დაკავებული გ.ა.-ს მეგობარი კ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა" - აცხადებს შსს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები