ბრექსითი

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ტერეზა მეისათვის უნდობლობის კენჭისყრას

0 კომენტარი
ტერეზა მეი ფოტო: AP

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის მიერ წარდგენილ ბრექსიტის შეთანხმებას, ქვეყნის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. გეგმის წინააღმდეგ ხმა 432-მა წევრმა მისცა, ხოლო მომხრე მხოლოდ 202 იყო. გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში მოქმედი მთავრობისთვის ეს ყველაზე დიდი მარცხია.

ლეიბორიტული პარტიის ლიდერმა, ჯერემი კორბინმა ტერეზა მეისათვის უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრა მოითხოვა, რომელიც დღეს, ბრიტანეთის დროით 7 საათზე გაიმართება.

დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ იმართება. შემდეგი არჩევნები 2022 წელს უნდა ჩატარდეს, თუმცა თუ პარლამენტის უმრავლესობა ტერეზა მეის მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს შესაძლოა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გახდეს საჭირო.

უნდობლობის გამოცხადებიდან არსებულ მთავრობას ან სხვა, ალტერნატიულ მთავრობას 14 დღე აქვს, იმისათვის რომ პარლამენტის ნდობა მოიპოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაახლოებით 25 სამუშაო დღეში არჩევნები დაინიშნება.

ტერეზა მეიმ საკუთარი, კონსერვატიული პარტიის მიერ გამოცხადებული უნდობლობა გასულ თვეს უკვე დაძლია. თუ ტერეზა მეის მთავრობა უნდობლობას ამჯერადაც დაძლევს, მათ შეუძლიათ არსებული შეთანხმება კიდევ ერთხელ გაიტანონ კენჭისყრაზე.

ტერეზა მეიმ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვა პრემიერმინისტრი მის ადგილას გადადგებოდა, ის ამას არ აპირებს და ვინაიდან მის პარტიას მისი შემცვლელი კანდიდატი არ ჰყავს და დეკემბერში გამოცხადებული უნდობლობის შემდეგ მეის პარტიის ლიდერის პოსტზე მსგავსი გამოწვევა მომდევნო 12 თვის მანძილზე აღარ ემუქრება, პარტიის მიერ მისი მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება უპასუხისმგებლობა იქნება.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატიული პარტიის ბევმა პარლამენტარმა მისცა ხმა მისი შეთანხმების წინააღმდეგ, მალე მათთვის ცხადი გახდება, რომ ალტერნატიულ შეთანხმებას ვერ აღწევენ და მოუწევთ არსებულის პირობებს დათანხმდნენ.

თუმცა ეს მათი ერთადერთი ვარიანტი არ არის.

იმ შემთხვევაში, თუ მეი თანამდებობას შეინარჩუნებს, მას შეუძლია ევროკავშირთან მოლაპარაკებები ხელახლა აწარმოოს. როგორ შეცვლის ეს უკვე არსებულ შეთანხმებას და შესაბამისად რამდენად მოიპოვებს მხარდაჭერას სადავოა, რადგან დეკემბერში მეიმ არსებული შეთანხმების პარლამენტში კენჭისყრაზე გატანა ერთხელ უკვე გადადო და ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლება სცადა, თუმცა უშედეგოდ.

შესაძლოა მან არსებულის შეცვლის მაგივრად ახალი შეთანხმების შემუშავება გადაწყვიტოს, თუმცა იმის გათვალისწინებით, თუ რა დრო დასჭირდა წინა შეთანხმების მიღწევას, სავარაუდოდ, ევროკავშირიდან გასვლის თარიღის გადაწევა გახდება საჭირო. ვადის გადასაწევად ევროკავშირს ბრიტანეთმა უნდა მიმართოს და ევროსაბჭოს წევრმა ყველა ქვეყანამ დაუჭიროს მხარი. ამასთანავე, ბრიტანეთის მთავრობამ ევროკავშირიდან გასვლის აქტში უნდა შეიტანოს ცვლილება და გასვლის დღის განსაზღვრება შეცვალოს, რასაც შემდგომ პარლამენტმაც უნდა დაუჭიროს მხარი.

ხელახალი მოლაპარაკებების შესახებ აზრი კონსერვატიულ პარტიაშიც გაყოფილია. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა არსებული შეთანხმების ჩავარდნის შემთხვევაში ხელახალი მოლაპარაკებებისათვის მზაობაზე ისაუბრა, შესაძლებელია ისიც, რომ ევროკავშირმა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი თქვას.

არსებული შეთანხმების ჩავარდნის შემდეგ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ტვიტერზე დაწერა, რომ თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვების თაობაზე შეთანხმებას ვერ აღწევს ევროკავშირში უნდა დარჩეს:

"თუ შეთანხმება შეუძლებელია და არავის სურს შეთანხმების გარეშე გასვლა, მაშინ ვის ეყოფა საბოლოოდ გამბედაობა თქვას რა არის ერთადერთი პოზიტიური გადაწყვეტილება?"

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრიტანეთს შეუძლია ევროკავშირიდან გასვლა ერპიროვნულად გადაიფიქროს და ამისათვის ევროკავშირის სხვა წევრების თანხმობა არ სჭირდება.

კიდევ ერთი ვარიანტია ხელახალი რეფერენდუმის ჩატარება. ამ შემთხვევაშიც, ევროკავშირიდან გასვლის ვადის გადაწევა გახდება საჭირო, ვინაიდან რეფერენდუმის ჩატარება სულ მცირე 29 მარტამდე ვერ მოხერხდება. რეფერენდუმის ჩასატარებლად მისი შეკითხვის ფორმულირება და წესების განსაზღვრა იქნება საჭირო, რაც ახალ კანონპროექტში უნდა აისახოს და დამტკიცდეს. ამის შემდეგ რეფერენდუმის ჩატარებამდე გარკვეული პერიოდის გამოყოფაა აუცილებელი. ჯამში პროცესს დაახლოებით 22 კვირა დასჭირდება.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში მისი მთავრობა რამდენიმე მინისტრმა, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა და ბრექსითის ორმა მინისტრმა დატოვეს, საუბარი დაიწყო ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვებაზე.

არსებული კანონით ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა რაიმე შეთანხმებას არ შეიმუშავებს გასვლის პროცესის რეგულაციის თაობაზე, გასვლა შეთანხმების გარეშე მოხდება, რაც, როგორც ბრიტანეთის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს ყველაზე ცუდ ვარიანტად მიაჩნიათ.

ტერეზა მეის შეუძლია ვადამდელი არჩევნების დანიშვნაც გადაწყვიტოს და კენჭი იყაროს, რათა მის მიერ მიღწეულ შეთანხმებას მანდატი მოუპოვოს. მაგრამ ამისათვის მას პარლამენტის ორი მესამედის მხადაჭერა დასჭირდება. გარდა ამისა გასათვალიწინებელია ბრექსითის მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო მეის პოპულარობის ვარდნაც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები