თბილისის მერია

უგულავა მერიას: თქვით, რომ შეკვეთილი ავტობუსები იგივე "ყვითელი ავტობუსებია", უბრალოდ, ახალი

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დედაქალაქის მთავრობას მოუწოდებს, უთხრას მოსახლეობას, რომ 220 ახალი ავტობუსი ისეთივეა, როგორიც ე.წ ყვითელი ავტობუსები.

"მიხარია, რომ თბილისში მერიას ახალი ავტობუსები შემოჰყავს. ამასთანავე, არ მომწონს "მელკი ჟულიკობა", რასაც მერია მიმართავს.

ჯერ მერი ნარმანია და შემდეგ კალაძე თავს MAN-ის ავტობუსებით იწონებდნენ. შეუკვეთეს ლურჯი ფერი, პოლიტიკური გემოვნების აღსანიშნავად. აბა, ახალ ავტობუსს ვინ დაიწუნებდა, მითუმეტეს Man-ის ტიპისას. თუმცა მაშინვე ცხადი იყო, რომ ეს ძალიან ძვირი სიამოვნება იყო და თბილისის ბიუჯეტი ვერ გაქაჩავდა. ახლა დაბალბიუჯეტიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსებია შეკვეთილი. ძალიან კარგი! მაგრამ ისიც ვუთხრათ ხალხს, რომ ეს იგივე ყვითელი ავტობუსებია (ცხადია, ახალი), რომელსაც ISUZU უკრაინულ ბოგდანთან ერთად აწარმოებს აღმოსავლეთ ევროპის ბაზრისთვის. ცუდი კი არააა, კარგია! უბრალოდ თქვი, რატომ მალავ? მხოლოდ იმიტომ, რომ უპასუხისმგებლოდ ლანძღავდი "ყვითელ ავტობუსებს", რომელიც უბრალოდ დაძველდა, უკვე ათზე მეტი წლისაა. ასე რომ მოვეშვათ ვირეშმაკობას, საქმე სწორად ვაკეთოთ და დამერწმუნეთ, დაუნახავიც არავინ იქნება" - წერს უგულავა facebook-ზე.

თბილისში 2019 წლის 220 ახალი ავტობუსი შემოვა. თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის თქმით, ავტობუსების ტენდერი უკვე დასრულდა და გამარჯვებული კომპანია ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვიეს.

"ეს არის 220 ერთეული, რვა მეტრიანი "ისუზუ“-ს მარკის ავტობუსი. დარჩენილია გარკვეული პროცედურები, თუმცა გამარჯვებულად ცნობის ოქმი უკვე ატვირთულია" - ამბობს ვიცემერი.

აღსანიშნავია, რომ ე.წ ყვითელი ბოგდანები, რომლებიც თბილისში წლებია, მოძრაობს, ასევე Isuzu-ს ფირმისაა.

ახალი ავტობუსების საერთო ღირებულება დაახლოებით 69 მილიონი ლარია.

"მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია სატენდერო ვაჭრობამ და წლის განმავლობაში 220 ერთეული ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსი შემოვა. დამერწმუნეთ, ეს ავტობუსები აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს“ - თქვა ხმალაძემ.

მისი განმარტებით, პირველი სატენდერო წინადადება იმიტომ ჩაიშალა, რომ შეთავაზებული ავტობუსები გარკვეულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა.

ამჟამად, თბილისში Man-ის ფირმის ახალი ავტობუსები დადის. ასევე, მოძველებული ე.წ ყვითელი ავტობუსები, რომლის ჩანაცვლებასაც თბილისის მერია სრულად გეგმავს.

კომენტარები