უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

ზალკალიანი უკრაინაზე: ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს, არ ვერევით ეკლესიის საქმიანობაში

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე პოზიცია პირველ რიგში საქართველოს ეკლესიამ უნდა გამოხატოს. მისი თქმით, საგარეო უწყება პროცესებს აკვირდება.

"პირველ რიგში, სწორედ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს ამ საკითხისადმი დამოკიდებულება, კანონიკური, ეკლესიის შესაბამისი პროცესების გათვალისწინებით. რაც შეეხება სახელმწიფოს, მოგეხსენებათ, სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში. ჩვენ გვახარებს და მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამყარებს უკრაინის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ არ გვახარებდეს" - ამბობს მინისტრი და ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია თავშეკავება არ არის.

"ეს არის თავშეკავება? მე არ ვფიქრობ, რომ ეს თავშეკავებაა, ძალიან მკაფიოდ ვაფიქსირებ და... " - თქვა ზალკალიანმა.

კითხვაზე, ოფიციალურად თუ მიულოცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინას ავტოკეფალიის მინიჭება, მინისტრი ამბობს, რომ "ჩვენ ამ პროცესებს ვაკვირდებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი... მთავარი საკითხი უნდა გადაწყდეს ეკლესიის ფარგლებში".

დავით ზალკალიანი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ეს არის ოფიციალური პოზიცია.

"მთავრობამ, პრემიერმინისტრმა გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი... საგარეო საქმეთა სამინისტრო არის მთავრობის შემადგენელი ნაწილი, როცა პრემიერი აკეთებს განცხადებას, ბუნებრივია, ეს არის მთავრობის პოზიცია და ყველას პოზიცია" - ამბობს ზალკალიანი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობას და უმაღლესი თანამდებობის პირებს ამ დრომდე არ მიულოცავთ უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭება. ისინი ამბობენ, რომ ამ საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად იმსჯელებენ. საქართველოს საპატრიარქო კი აცხადებს, რომ ჯერ ტომოსი უნდა წაიკითხონ.

კომენტარები