უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

პუტინი: უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ჩამოყალიბება პოლიტიკური პროექტია 

0 კომენტარი
ფოტო: РИА Новости

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ჩამოყალიბება პოლიტიკური პროექტია და მიზნად ისახავს რუსი და უკრაინელი ხალხის დაშორებას - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სერბულ გამოცემა "Вечерние новости"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა. 

"ამ პოლიტიკური პროექტის მიზანი არა მხოლოდ ნაციონალური, არამედ რელიგიური შუღლის გაღვივებაა. ტყუილად კი არ თქვეს კიევში, რომ რუსეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს",- ამბობს პუტინი.

პუტინი ამბობს, რომ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია, სინამდვილეში, სრულად კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაშია. 

"უკრაინის ხელისუფლებამ, რომელსაც მხარს აქტიურად უჭერენ აშშ და კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, ჩაატარა ე.წ. გამაერთიანებელი კრება, გამოაცხადეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა და 2019 წლის 6 იანვარს პატრიარქმა ბართლომემ ხელი მოაწერა ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს",- ამბობს პუტინი. 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მომხდარი მართლმადიდებლური კანონების უხეში დარღვევაა.

მისი მტკიცებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებს და მრევლს დევნიან და ტაძრებს ართმევენ, რაც დაძაბულობას ზრდის და უკრაინის საზოგადოება განხეთქილებამდე მიჰყავს.

"რა თქმა უნდა, რუსეთი არ აპირებს საეკლესიო პროცესებში ჩაერიოს, განსაკუთრებით მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმ საფრთხეებს, მათ შორის მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ექსპერიმენტებმა და რელიგიურ საქმიანობაში სახელმწიფოს უხეშმა ჩარევამ".- აღნიშნა მან. 

შეგახსენებთ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელი 5 იანვარს მოაწერა. 6 იანვარს სტამბოლში, წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, მიტროპოლიტ ეპიფანეს ტომოსი გადასცა. ამით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა ფორმალურად დასრულდა.

საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია, ამ დრომდე არ დაუფიქსირებია. 

ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო და საერო წევრები, წმიდა სინოდს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდასაჭერი პეტიციით მიმართავენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობას და უმაღლესი თანამდებობის პირებს ამ დრომდე არ მიულოცავთ უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭება. ისინი ამბობენ, რომ ამ საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად იმსჯელებენ. საქართველოს საპატრიარქო კი აცხადებს, რომ ჯერ ტომოსი უნდა წაიკითხონ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები